კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის 22 წლის სტუდენტმა - გიორგი მჭედლიშვილმა, თანამოაზრე პედაგოგებთან და სტუდენტებთან ერთად შეიმუშავა სრულიად ახალი ძრავებისა და ფიუზელაჟის მომავლის თვითმფრინავის მოდელი.
ქართველი ახალგაზრდის მიერ შემუშავებულმა მოდელმა ნასას მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და 2017 წლის 26 სექტემბერს გიორგი მჭედლიშვილი და მისი გუნდის წევრები NASA-ს სათავო ცენტრში პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციაზე არიან მიწვეული.
"ძალიან დიდი პატივია ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის NASA -ს მიერ ჩვენი ტექნიკური ნაშრომის აღიარება. "კოლუმბიის კოსმოსური ინიციატივის" გუნდმა გაიმარჯვა NASA -ს აერონავტიკის გამოწვევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების, როგორც ბაკალავრის, ისე მაგისტრატურის გუნდები. ჩვენ მომავალი კომერციული თვითმფრინავის სრულყოფილი მოდელი შევქმენით, რომელიც მოიხმარს ნაკლებ საწვავს, უმნიშვნელოდ აბინძურებს გარემოს და საგრძნობლად ამცირებს გამოწვეულ ხმაურს. საუბარია ამ მოდელის იმპლემენტაციაზე 2025-2035 წლებში. კოლუმბიის უნივერსიტეტის გუნდმა აღნიშნულ გამოწვევაში პირველად მიიღო მონაწილეობა და ძალიან სასიხარულოა ჩვენი გულწრფელი ენთუზიაზმის ამ ფორმით დაფასება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს თავდაუზოგავი შრომისთვის და რწმენისთვის, რომ შეგვეძლო ჩვენი წვლილი შეგვეტანა მომავლის აერონავტიკის განვითარებაში. დიდი ინტერესით ველოდებით ჩვენი პროექტის პრეზენტაციას NASA -ს სათავო ცენტრში 26 სექტემბერს", - აცხადებს გიორგი მჭედლიშვილი.
წყარო: intermedia.ge