მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 16,9%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 16,9%-ით გაიზარდა და 16,6 მილიარდი ლარი შეადგინა.

"საქსტატის“ მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, მე-2 კვარტალში მისი მოცულობა 8,9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 18,9%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2017 წლის მე-2 კვარტალში მთლიანი ბრუნვის 42,5% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 22,6% - საშუალო, ხოლო 34,9% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41,6%, საშუალოზე - 24,5%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33,9%.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა კი მე-2 კვარტალის განმავლობაში 11,7 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,9%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 7.1 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,7 %-ით მეტი) შეადგინა.