საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საპენსიო რეფორმისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, შეხვედრაზე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა და ეროვნულმა ბანკმა ანგარიში წარადგინეს რეფორმების მიმდინარეობის შესახებ, ასევე იმსჯელეს ცალკეულ საკვანძო საკითხებსა და რეფორმის განხორციელების ვადებზე.
აღინიშნა, რომ საპენსიო რეფორმაზე მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ის 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. მანამდე, მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური ინფრასტრუქტურა.
სამუშაო შეხვედრაში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, ასევე - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები მონაწილეობდნენ.