ბიტკოინსა და სხვა ციფრულ ვალუტებზე მოთხოვნა ელვის სისწრაფით იცვლება.
გასული კვირის მიწურულს, ბიტკოინის ფასმა ყველა დროის რეკორდულად მაღალ დონეს - 5 000 დოლარს მიაღწია, შემდეგ კი სწრაფადვე შემობრუნდა და 5.5 პროცენტით დაიკლო. სხვა პოპულარულ ციფრულ ვალუტებსაც მსგავსი რყევები ჰქონდა.
კლების ტალღა ჩინეთის სახალხო ბანკის გადაწყვეტილებამ გამოიწვია. ბანკმა ორგანიზაციებს და ინდივიდუალურ პირებს, ეგრეთ წოდებული ICO-ს (საწყისი მონეტების შეთავაზება) მეშვეობით, კაპიტალის მოზიდვა აუკრძალა. ჩინეთის სახალხო ბანკი თვლის, რომ დამწყები ბიზნესისთვის კაპიტალის ამ სახით მოზიდვა არალეგალურია.
ბანკმა ICO-ში ჩართული კომპანიები და მათი საქმიანობა შეისწავლა და გადაწყვიტა, რომ ბიზნესის ამ ახალ სახეობას მკაცრად შეეწინააღმდეგოს. აკრძალვის წესის დამრღვევებს მკაცრი სასჯელი ელით. ამასთან, იმ ჩინურ კომპანიებს, რომლებმაც უკვე ჩაატარეს ICO, მიღებული ფულადი სახსრების სრულად დაბრუნება მოუწევთ. გარდა ამისა, საფინანსო და სავაჭრო პლატფორმებს, ფიატური (მიმოქცევაში არსებული) ფულით ციფრული მონეტების შეძენაც აეკრძალათ.
ჩინეთსა და მთელს მსოფლიოში, ახალი მონეტების შეთავაზება განსაკუთრებით პოპულარული წელს გახდა. ციფრული ვალუტის ბიზნესში ჩართულმა ბიზნსმენებმა მოკლე დროში, ამ მეთოდით უაზარმაზარი ფინანსების მოზიდვა მოახერხეს. რეგულაციის არარსებობის პირობებში, ციფრული ვალუტების და მონეტების რიცხვი ისე მრავლდება, როგორც სოკო ნაწვიმარზე. ამ მონეტების რეალური ღირებულება კი შეფასებული არ არის.
ჩინეთის სახალხო ბანკის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ბიტკოინის ფასი პიკური 4 911.80 დოლარიდან, 4 253.00 დოლარამდე დაეცა, ამჟამად კი 4 358-ის სიახლოვესაა.
მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა ეთერიუმის ფასზეც. შაბათს მისმა ფასმა 394.78 დოლარს მიაღწია, შემდეგ კი 312.69 დოლარამდე დაეცა. ამჟამად ფასი 297 დოლარის სიახლოვეს იმყოფება. მსგავსი ტრაექტორიებით მოძრაობს ლაიტკოინის და რიპლის ფასებიც. ციფრული ვალუტების ჯამური კაპიტალიზაცია, რეკორდული 180 მილიარდი დოლარიდან 150 მილიარდამდე შემცირდა.