ლილოში 240-ზე მეტ ბენეფიციარზე გათვლილი მიუსაფართა თავშესაფარი აშენდება

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, დიდი ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე 240 მიუსაფარისთვის თავშესაფარი აშენდება.

ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.

ნარმანიას თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ წარმოდგენილი პროექტის მოწონების შემთხვევაში, სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. მინისტრის განმარტებით, თავშესაფრის ჯამური ღირებულება, საორიენტაციოდ 2 მილიონ ლარამდეა. გარდა საცხოვრებელისა, გათვალისწინებულია კვების ობიექტი, სანიტარული კვანძები, კომუნიკაციები და ა.შ.

როგორც რეგიონალური განვითარების სამინისტროში ამბობენ, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ქვეყანაში იქნება თანამედროვე, ცივილიზებული თავშესაფარი მიუსაფართათვის.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიუსაფართა პრობლემებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სხდომა დღეს გაიმართა. სხდომაზე თავშესაფრის პროექტი განიხილეს და მოიწონეს.