ადვოკატი - უზენაესმა სასამართლომ „ასავალ-დასავალს“ მამუკა ხაზარაძის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება და გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა დაავალა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაზეთ „ასავალ-დასავალს“, ჟურნალისტებსა და რედაქტორს მამუკა ხაზარაძის სასარგებლოდ დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე გაზეთის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა , - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძის ადვოკატებმა ზვიად კორძაძემ და ქეთი ქვარცხავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მან „ასავალ-დასავალსა“ და სარედაქციო კოლექტივს სოლიდარულად დააკისრა მორალური ზიანის სახით საერთო ჯამში 5000 ლარის გადახდა მამუკა ხაზარაძის სასარგებლოდ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. როგორც "თიბისი ბანკში" განმარტავენ, აღნიშნული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

„ასავალ-დასავალი“ გრძელვადიან, მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებდა "თიბისი ბანკისა" და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. გამოცემის თითქმის ყველა ნომერში ქვეყნდებოდა ღირსების შემლახველი სტატიები მამუკა ხაზარაძის მიმართ. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას და შესაბამისად, გარდა ფულადი კომპენსაციისა, გაზეთს დაავალა გავრცელებული ცნობების უარყოფა გაზეთის იმავე გვერდზე და იმავე შრიფტით, რა ფორმითაც აღნიშნული ცრუ ინფორმაცია დაიბეჭდა. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ მედიას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისას და მედიის მხრიდან ყალბი ცნობებით პირის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა დაუშვებელია. ეს პრეცედენტი ცხადყოფს, რომ ადამიანის ღირსება, პატივი, ასევე კომპანიის საქმიანი რეპუტაცია დაცულია კანონის ძალით და სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს უფლებები ხელშეუვალია ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.

ადვოკატ ზვიად კორძაძის თქმით, „ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ განსაზღვრა მედიის პასუხისმგებლობის ფარგლები ინფორმაციის გავრცელებისას და მისი მხრიდან პირის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის დაუშვებელობა ყალბი ფაქტების გავრცელებით.“

დავა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს სასამართლოების სამი ინსტანცია გაიარა. სამივე ინსტანციამ აღიარა, რომ საქმე ეხებოდა ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.