ოქროს ფასი ბოლო 1 წლის მაქსიმუმზეა

ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული სიტუაციის გამწვავებას, ბაზრებზე ისევ ურისკო აქტივებზე მოთხოვნის ზრდა მოჰყვა, რისი წყალობითაც ოქროს ფასი ბოლო 1 წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა.

კორეის ურჩმა სახელმწიფომ წყალბადის ბომბის გამოცდა ჩაატარა, რამაც რეგიონში დაძაბულობის მორიგი ესკალაცია გამოიწვია.

კომექსის ფიუჩერსის ტროას უნციის ფასი 10.30 დოლარით (0.8 პროცენტით) გაიზარდა და 1 340.77 დოლარს მიაღწია. ეს ოდნავ ნაკლებია იმ მაქსიმუმზე (1 345.50 დოლარი), რომელიც 2016 წლის 27 სექტემბერს დაფიქსირდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ორშაბათს ბაზარზე ძლიერი მოძრაობა არ ყოფილა, რადგან აშშ-ში შრომის დღეს აღნიშნავდნენ. კომექსზევე, 14.7 ცენტით შემცირდა ტროას უნცია ვერცხლის ფასი, რომელიც 18.03-დან 17.96 დოლარამდე შემცირდა.

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის შემდეგ, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ფხენიანი ამჟამად საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოსაცდელად ემზადება. ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ეს გამოცდა 9 სექტემბერს ჩატარდება, როცა ჩრდილოეთ კორეა სახელმწიფოდ ჩამოყალიბების (1948 წლის 9 სექტემბერი) იუბილეს აღნიშნავს.

ამის პასუხად შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოზე გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ომისთვის მზადება დაიწყო და ეს უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ამერიკა უშიშროების საბჭოსგან, კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ, „შესაძლო ყველაზე მკაცრი ზომების გატარებას“ მოითხოვს.

ყოველივეს გამო, ინვესტორები თავს არიდებენ აქტიებს, რომლებსაც რისკიანად მიიჩნევენ (ასეთებია მაღალმომგებიანი აქციები და ვალუტები) და თავიანთ რესურსებს რისკებისგან თავშესაფარ აქტივებზე მიმართავენ, როგორებიცაა ძვირფასი ლითონები, იენი და შვეიცარიული ფრანკი, ასევე სახელმწიფო ობლიგაციები.