ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა. ვერტმფრენი და ცოცხალი ძალა ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობს.
საგანგებო შტაბში დილიდან სხდომა გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელმძღვანელობდა. როგორც პატარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის სალიკვიდაციოდ დამატებითი გზის გაყვანა მიმდინარეობს. მისივე თქმით, დღეს სტიქიის ზონაში მეორე ვერტმფრენიც იმუშავებს.
"დღეს დილით, 06:00 საათიდან სამუშაოები განახლდა. თქვენ ხედავთ, რომ ცოცხალი ძალაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფის 850 თანამშრომელი არის აქ. ღამის განმავლობაში დამატებითი ინვენტარი ამოვიტანეთ, საუბარია პორტატული ცეცხლის ჩამქრობ აპარატებზე, ავზებზე და ე.წ პომპებზე. თქვენ იცით, რომ გუშინ სამკილომეტრიანი გზა გაიჭრა. დამატებითი ტექნიკაა ამოყვანილი და დამატებითი შიდა გზების დაქსელვა მიმდინარეობს. ამ წუთებში დამატებით ცოცხალი ძალა ლოკაციებისკენ მიემართება, სადაც ცეცხლია. სიტუაცია უკეთესია. გუშინ ღამით ახალი კერები არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ავიაციას, სამუშაოებში 07:30 საათიდან ქართული ავიაცია უკვე ჩაერთო. წუთი-წუთზე თურქული ბორტი ამოფრინდება და ორი ვერტმფრენი სინქრონულად დაიწყებს უშუალოდ მეოთხე ლოკაციასთან მუშაობას, სადაც რთულია ცოცხალი ძალის მისვლა. დღეს დილით 07:00 საათზე შეხვედრა გაიმართა. ყველა ქვედანაყოფმა დავალება მიიღო“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.