ბათუმში მუნიციპალურ სასადილოებს ამოწმებენ

ბათუმში სასადილოების ლაბორატორიული შემოწმება ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით მიმდინარეობს.

ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ შემოწმებას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ ტესტირებისა და სერტიფიკაციის ცენტრი ახორციელებს.

მუნიციპალური სასადილოების შემოწმების შედეგები მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

კვლევის ფარგლებში შემოწმდება სანიტარული ნორმები, საკვების ხარისხი და კალორიულობა. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სასადილოებს ხარვეზის აღმოფხვრისთვის გარკვეული ვადა მიეცემათ.

ბათუმში სულ ხუთი მუნიციპალური სასადილო მოქმედებს, სადაც ყოველდღიურად 2200 სოციალურად დაუცველი იკვებება.