ლარის გაუფასურების ძაღლის თავი დამარხულია ფინანსთა სამინისტროს ეზოში, თანაც ისე, რომ მთელი თავი ძალიან კარგად მოჩანს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ლარის გაუფასურების მიზეზებზე განაცხადა.
გოცირიძის თქმით, ლარის გაუფასურების არავითარი ფუნდამენტური საფუძველი საქართველოში არ არსებობს: არც შიდა ფაქტორი, არც საგარეო.
„საგარეოში ვხედავთ, რომ დოლარი დასუსტდა თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებაში, მათ შორის ჩვენს რეგიონში და მეზობელ ქვეყნებში, ხოლო სავალუტო ნაკადების ცვლილება არის დადებითი როგორც ტურიზმის, ასევე, საგარეო ვაჭრობისა და ტრანსფერის მხრივ. მაშინ რა ხდება? რატომ დაიწყო ლარმა გაუფასურება? სად არის ძაღლის თავი დამახრული, როგორც იტყვიან ხოლმე? ძაღლის თავი დამარხულია ფინანსთა სამინისტროს ეზოში, თანაც ისეა დამარხული, რომ მთელი თავი ძალიან კარგად მოჩანს. ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არის საქართველოს მთავრობა. ლარი გააუფასურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ“, - განაცხადა გოცირიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არასწორად შეაფასეს, თუ რა ხდება სახაზინო ახალი აუქციონების შემოღების კუთხით - აბსოლუტურმა უმრავლესობამ არც კი იცის, თუ რა მავნე, ავანტიურისტული მექანიზმი დანერგა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2 თვის წინ.
„ფინანსთა სამინისტრომ შემოიღო ახალი ინსტრუმენტი - 5 ივლისს დაიწყო ბიუჯეტში წლობით ნაგროვი ნაშთების გასესხება კომერციულ ბანკებზე და თქვენ იცით, რა რაოდენობის ფული მისცა სესხად ბოლო 2 თვის განმავლობაში ხაზინამ ე.წ. ახლად შემოღებული სახაზინო აუქციონების მეშვეობით?! - ნახევარი მილიარდი ლარი. ორი თვის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კომერციულ ბანკებს მიაწოდა სამთვიანი საკრედიტო რესურსი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ლარის მთელი მასის 9%-ს. ვინ მოიგონა ეს უგუნური წესი? თქვენ ყველამ იცით, რომ ფინანსთა სამინისტრო კომერციული ბანკებიდან აქეთ იღებს სესხს ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად. ვის მოუვიდა აზრად, რომ ბიუჯეტის ნაშთებით დაიწყოს მევახშეობა, ფულის გაპროცენტება? ფინანსთა სამინისტრომ, მთავრობამ უნდა აგოს ამაზე პასუხი და თქვას, ვის თავში დაიბადა ეს მავნე მექანიზმი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.