საქართველოში მიმდინარე განვითარების პროცესი არ უნდა შენელდეს და არც შენელდება, რადგან აქ, საქართველოში არსებობს მთავრობა, რომელსაც ეკონომიკური და სხვა რეფორმების გაგრძელება სურს, რათა ეს ქვეყანა უფრო ევროპულ სახელმწიფოდ აქციოს.
ეს განცხადება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, EBRD საქართველოს შესაბამის დახმარებას მომავალშიც გაუწევს.
„ჩვენ არ დავიშურებთ რეკომენდაციებს პოლიტიკის საკითხებზე, თუმცა ინვესტირებასაც განვაგრძობთ. ჩვენს ჯგუფს დიდი სამუშაოს გატარება აქ არ უწევს. საქართველო მოწინავე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მუშაობა და ინვესტიციის განხორციელება გვიხდება. პრემიერ-მინისტრთან საუბრისას ბრუნო ბალვანერასა და მის კოლეგებს საკმაოდ დიდი დავალება მივეცით - საქართველო აბსოლუტურ ლიდერად უნდა იქცეს. ეს შესანიშნავი ჯგუფი აქ ასრულებს მნიშვნელოვან სამუშაოს ლონდონის ოფისთან ერთად, რადგან გვყავს არაჩვეულებრივი პარტნიორები, შესანიშნავი მთავრობა, რომელთანაც თანამშრომლობა შეგვიძლია“, - განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.
EBRD-ის პრეზიდენტმა ასევე საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობისა და ამ უპირატესობის სრულად გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველოს უნდა დავეხმაროთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა მან უკეთ აითვისოს არსებული გეოგრაფიული მდებარეობა სამხრეთ კავკასიაში და კავშირები ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. გარდა ამისა, საქართველოში სტუმრობისას ყოველთვის აღვნიშნავ, რომ კარგია, რომ თქვენ ნავთობისა და გაზის ქვეყანა არ ხართ, რადგან ეს დამატებით წნეხს ქმნის. თუმცა, თქვენ გაქვთ წყალი და წყლის, როგორც ეკონომიკური რესურსის მაქსიმალურად გამოყენების პოტენციალი. ამასთან, მიმაჩნია, რომ ჰიდროენერგიისა და ზოგადად, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ენერგეტიკის მინისტრთან ამ მიმართულებით ვმუშაობთ და მეტ ინვესტიციას ველოდები ჰიდროენერგეტიკის სფეროში. ძალიან მოხარული ვარ შუახევის პროექტით, მოუთმენლად ველი ნენსკრას პროექტსა და მომავალ წლებში დაგეგმილი სხვა პროექტების განხორციელებას. ჩვენ გვაქვს დიდი დღის წესრიგი“, - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა.