ლარიზაციის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ განხორციელებული რეფორმები, რომელიც აქტიურ ფულის მართვაზე გადასვლას უკავშირდება, წარმატებით განხორციელდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სპეკულაციები, რომელიც რეფორმასთან დაკავშირებით ისმის, პოლიტიკური ხასიათისაა და მას ეკონომიკურ შინაარსთან არანაირი კავშირი არ აქვს.
“ჩვენ 2017 წლის ივლისიდან დავიწყეთ ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდება. 2017 წლის ივლის-აგვისტოში ჩვენ განთავსებული გვაქვს 450 მილიონი ლარის ოდენობით თანხები, ეს მნიშვნელოვანწილად ძალიან მსგავსი ინსტრუმენტია, რაც აქვს ეროვნულ ბანკს რეფინანსირების სესხების სახით, ხოლო ის სპეკულაციები, რაც ისმის ამ რეფორმასთან დაკავშირებით, არის პოლიტიკური სპეკულაციები და ცალსახად მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს. მოგეხსენებათ, არც ზიარჭურჭლის პრინციპი მოქმედებს ლარის მიწოდების საკითხში. რეფინანსირების სესხების სტატისტიკა რომ ნახოთ ბოლო ორ თვეში, მნიშვნელოვნად შემცირებულია. ანუ პირდაპირპროპორციული შემცირება არის ჩვენი დეპოზიტების განვითარებასთან მიმართებაში.
”2016 წლის მაჩვენებლები შეგვიძლია მოვიყვანოთ. ამ კუთხით ივლის-აგვისტოში რეფინანსირების სესხებით ზრდა 480 მილიონი ლარი იყო, ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან ივლისი და აგვისტო ეკონომიკურად ყველაზე აქტიური თვეებია საქართველოში ტურიზმის და ბიზნესის მიმართულებით. ამ კუთხით 2016 წელს იყო მნიშვნელოვანი ზრდა, ამიტომ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სპეკულაციები ამ წარმატებულ რეფორმასთან დაკავშირებით პოლიტიკური ხასიათის მატარებელია”, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.
ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიმდინარე წლის ბოლო 8 თვის განმავლობაში არსებულ ეკონომიკურ ზრდაზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით რამდენიმე ფაქტორი გამოყო.
“2017 წელს 7 თვის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა 4,4 პროცენტით, რაც პროცენტული მაჩვენებლით მნიშვნელოვანია პროგნოზირებულ მაჩვენებელზე. ასე რომ, 2016 წლის 8 თვესთან შედარებით საგადასახადო შემოსავლების ზრდა 720 მილიონი ლარია, რაც ასევე ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ასევე მაღალია ექსპორტის მიმართებით არსებული მაჩვენებელი – ექსპორტიდან მიღებული თანხების ზრდა 18%-ზე მაღალია 7 თვის განმავლობაში. მაღალი ზრდა ტურიზმის შემოსავლებიდან და აქ 28%-ზე მეტი მაჩვენებელი ფიქსირდება. გვაქვს მაღალი ზრდა ფულადი მაჩვენებლებიდან და ეს 28%-ზე მეტია”, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.