რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის ვინაობა, შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ განცხადება ნარმანიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაემშვიდობა.

"ჩემთვის განსაკუთრებული პატივი იყო თქვენი გუნდის წევრობა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ნაყოფიერი მუშაობისა და თანადგომისთვის. ჩვენ ერთად გადავიტანეთ პოლიტიკური კოჰაბიტაციის პერიოდი, იყო ბევრი წინააღმდეგობა და რომ არა ჩვენი ერთიანობა, ასეთი შედეგი, რაც მივიღეთ ამ ხნის განმავლობაში, არ გევქნებოდა", - მიმართა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მინისტრის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე უკვე შეთანხმდა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე სამი კანდიდატურა განიხილებოდა, მათ შორის ერთ-ერთი მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ელგუჯა ხოკრიშვილი იყო.

დავით ნარმანია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა. იგი თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატია.