მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის დონორებმა თანხები გამოყვეს

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მხარდასაჭერად, შვედეთის მთავრობამ 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დამატებითი რესურსი გამოყო, ხოლო გაეროს მოსახლეობის ფონდის კონტრიბუციამ 2014 წელს 200 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

2014 წლის საყოველთაო აღწერის ხელშესაწყობად და ხარისხიანი მონაცემების შესაგროვებლად, შვედეთის მთავრობასა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა.

საყოველთაო აღწერის მხარდაჭერის თემაზე დღეს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი, შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ხელმძღვანელი საქართველოში ევა სმედბერგი და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

მათი ინფორმაციით, დონორთა დახმარება ემსახურება აღწერის სრულყოფილად ჩატარებას და რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: მონაცემთა შეგროვების, ზედამხედველობისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბება; მრავალმხრივი მედია კამპანია, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება საყოველთაო აღწერის ხარისხიანად ჩატარების მნიშვნელობის შესახებ; მოსახლეობის აღწერის კითხვარების ბეჭდვა.

საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება. ამ მიზნისთვის შეირჩევა 15 ათასამდე ადამიანი, რომელიც მოსახლეობას სპეციალური კითხვარების მეშვეობით ინდივიდუალურად გამოკითხავს.