საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა კარგი ტემპით მიმდინარეობს და მომავალი წლიდან სავარაუდოდ, რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება.
როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იწყება მშენებლობა ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის მონაკვეთის, რომელიც ჯამში 15 კილომეტრამდეა.
“მინდა შევეხო ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის საკითხს, ჩვენ კარგი ტემპით მივიწევთ წინ. იწყება მშენებლობა ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის მონაკვეთზე, რომელიც ჯამში 15 კილომეტრამდეა. ეს უკვე გახლავთ ბოლო მონაკვეთი, რომლის შემდეგ იწყება რიკოთის მონაკვეთი. კონკრეტულად ამ მონაკვეთის ღირებულება არის 500 მლნ ლარამდე და ძალიან დიდ დასაქმების კომპონენტს ითვალისწინებს. რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, მიმდინარეობს დიზაინის საბოლოო დაზუსტება, დაახლოებით მილიარდ დოლარამდე იქნება ამ მონაკვეთის ღირებულება. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ალბათ ყველაზე რთული მონაკვეთი და ეს იქნება 55 კილომეტრამდე, 90 ხიდის და 40 მაგისტრალური გვირაბის შემცველი მონაკვეთი. აქაც ასობით ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ ვცდები მომავალი წლისთვის მზად ვიქნებით ამ მონაკვეთის მშენებლობის დაწყებისთვის. მე ძალიან მიხარია, რომ კარგი ტემპით მივდივართ, არ გვაქვს ჩამორჩენა სივრცითი განვითარების გეგმის დროით ინდიკატორებთან. მინდა მოსახლეობას სივრცითი განვითარების აღსრულების შესახებ რეგულარულად ვაცნობოთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.