ადმინისტრაციულ ჯარიმებზე საურავები მცირდება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ მთავრობის სხდომაზე განსახილველად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ ინიციატივა წარადგინა, რომელიც ადმინისტრაციულ ჯარიმებზე საურავების შემცირებას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელშიც გაიწერა საურავების დაკისრების ახალი მექანიზმი. კერძოდ, თუ პირი არ გადაიხდის ჯარიმას, მას დაეკისრება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. მოქმედი კანონმდებლობით კი, თუ მოქალაქე დადგენილ 30 დღის ვადაში ვერ გადაიხდის მასზე დაკისრებულ ჯარიმას, 100 ლარამდე ჯარიმის შემთხვევაში - მას ერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 100 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით.

სამინისტრომ ასევე შეიმუშავა ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის გამო ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენის შემდეგი ფორმულა: თუ ჯარიმის ოდენობა არ აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი გადაიხდის დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ორმაგ ოდენობას, სამართალდამრღვევს აღუდგება ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისთვის ჩამორთმეული მართვის უფლება, ხოლო თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა აღემატება 100 ლარს – მართვის უფლების აღდგენა შესაძლებელი იქნება დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ერთნახევარი ოდენობის გადახდის (მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარის) შემთხვევაში.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედი კოდექსის თანახმად, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის გამო შეჩერებული მართვის უფლების დასაბრუნებლად მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საურავი და დამატებით 500 ლარიანი ჯარიმა, თუ მართვის უფლება შეჩერებულია 6 თვის ვადით, ხოლო თუ შეჩერებულია 1 წლის ვადით – საურავთან ერთად 1000 ლარიანი ჯარიმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ხშირად მოქალაქეები ჯარიმას სწრაფი გადახდის ტერმინალებით სარგებლობისას არასრულად რიცხავენ. კერძოდ, ვერ ამჩნევენ ტერმინალების მომსახურებისთვის დაწესებული საკომისიოს და სახელწიფო ბიუჯეტში ჯარიმა არასრულად ირიცხება, რის გამოც ის გადახდილად არ ითვლება.

შსს-ს ინიციატივით, ასეთ შემთხვევებში სამართალდამრღვევს მიეცემა შესაძლებლობა, გადაიხადოს საბანკო დაწესებულებისა თუ ელექტრონული გადახდის საშუალებით მომსახურებისთვის დადგენილი საფასური (1-დან 3 ლარამდე) და აღნიშნულის შესახებ მიმართოს საპატრულო პოლიციას დარიცხული საურავის გაუქმებისა და მართვის უფლების აღდგენის შესახებ.