ლისის ტბის მიმდებარედ ქართულ-ფრანგული ღვინის ტექნოლოგიების სამეცნიერო-სასწავლო კვლევითი ცენტრის მშენებლობა სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასრულდება.
საუბარია 5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის, 4 სართულიან ნაგებობაზე, რომელიც არქიტექტურული თვალსაზრისით დადიანების სასახლეს არის მიმსგავსებული.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა რამაზ კრიჭინაშვილმა განუცხადა, ფაქტობრივად ეს იქნება ბიზნესცენტრი, რომელსაც რამდენიმე ფუნქცია ექნება.
„შენობაში გვექნება დაახლოებით 30 ოთახიანი სასტუმრო, ღვინისა და ყურძნის ჯიშების კვლევითი ცენტრი, ღვინისა და ჭაჭის მარნები, სადეგუსტაციო ოთახები, მუზეუმი, სადაც ვიზიტორებს შეეძლებათ ელექტრონულად გაეცნონ მეღვინეობის სხვადასხვა ეტაპებს, ამასთან, გადაწყვეტილი გვაქვს გოგირდის წყლის პოპულარიზაციის მიზნით გოგირდის წყლის აუზის გაკეთებაც,“- აღნიშნავს კრიჭინაშვილი.
პროექტი ქართულ-ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება.