ლევან დავითაშვილი - ძირითადად დაზუსტებაა მორატორიუმში, რაც აუცილებელია რომ ჩვენი პოლიტიკა სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით ქმედითი იყოს

დაზუსტება ხორციელდება იმისთვის, რომ სწორად განვახორციელოთ მიწის პოლიტიკა, - ასე ეხმაურება სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უცხოელებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებულ მორატორიუმში ცვლილებების შეტანას.

“ძირითადად დაზუსტებაა იმ მორატორიუმში, რაც ვფიქრობ, რომ აუცილებელია რათა ჩვენი პოლიტიკა სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით ქმედითი იყოს. საუბარია იმაზე, რომ კომერციულ ბანკებს მიწის საკუთრებაში ქონის საშუალება ჰქონდეთ. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ბანკებმა მოახერხონ მიწების გირაოთი აღება და თავიანთი ფუნქციების სრულყოფილად შესრულება. აქ საუბარია იმაზე, რომ ესენი არიან ქართული ინსტიტუციები, თუმცა იცით, რომ ჩვენი ბანკები არიან საერთაშორისო ბაზრებზე, მათი მფლობელობის სტრუქტურა არის საერთაშორისო, თუმცა ეს არის ქართული ინსტიტუციები. აქ საუბარია იმაზე, რომ მათ დროებით გამოიყენონ მიწა და ისევე როგორც სხვა პირებს, უჩნდებათ საშუალება, რომ მიწა გასხვისდეს ქართველ მოქალაქეებზე. ეს არის დაზუსტება იმისთვის, რომ სწორად განვახორციელოთ მიწის პოლიტიკა“, - განაცხადა  დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის დაზუსტება იმისთვის, რომ თუნდაც კომერციულ ბანკებს ჰქონდეთ სწორად და გამართულად მუშაობის საშუალება.

რაც შეეხება მთავრობისთვის უფლების მინიჭებას მიწების გასხვისების შესახებ, დავითაშვილის განმარტებით, აქ საუბარი არ არის დიდ ინვესტიციებზე.

“აქ საუბარი არ არის დიდ ინვესტიციებზე, ეს არის ზოგადი მოცემულობა რასაც სჭირდება დაზუსტება და ჩვენ გვექნება ზუსტი კრიტერიუმები, ზუსტად განისაზღვრება, რა შემთხვევაში ხდება ეს. ეს უნდა იყოს ტრანსფარენტული და აქ არ უნდა იყოს ინდივიდუალური მსჯელობის დიდი სივრცე. ერთ რამეს ვიტყვი, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგად მნიშვნელოვნად გაზრდილია, დინამიკა არის ძალიან პოზიტიური და როცა ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ვგულისხმობთ იმას, რომ საჭიროა ინვესტიციები. საინვესტიციო წყარო დიდწილად არის საბანკო დაფინანსება. საბანკო ინსტიტუტის ურთიერთობა სასოფლო-სამეურნეო მიწასთან არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს საკითხები იყო დასაზუსტებელი. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ცვლილებების მიღება“, - განმარტა მინისტრმა.

საგაზაფხულო სესიის ბოლოს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, უცხოელებსა და უცხოურ კომპანიებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებასა და საკუთრებაში გადაცემაზე მორატორიუმი დაწესდა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმა საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე შეჩერდა.

ამჟამად პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს ახალ პროექტს, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე არ გავრცელდება. აღნიშნული შეზღუდვა ასევე არ გავრცელდება განსაკუთრებულ შემთხვევებზე, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება.