გორელი მოვაჭრეები ძველ ბაზარში დაბრუნდნენ

დღეს დილით, სამი თვის წინ გაუქმებული აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ათობით მოვაჭრემ სავაჭრო დახლები თვითნებურად გაშალა და მუშაობას შეუდგა.

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ არ დაემორჩილებიან არც ბაზრის მეპატრონე ინვესტორის მოთხოვნას და არც სამართალდამცავებს. ისინი აღნიშნული ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

გორელმა მოვაჭრეებმა, ძველ ბაზარში დაბრუნების მოთხოვნით, წუხანდელი ღამე ყოფილი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გაათენეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათთან შესახვედრად წუხელ არავინ მისულა. მოვაჭრეები შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.

გორის ძველი აგრარული ბაზარი დახურულად სამი თვის წინ გამოცხადდა. მოვაჭრეები ობიექტის მეპატრონე, არაბმა ინვესტორმა ახალ სავაჭრო ცენტრში გადაიყვანა, თუმცა ბაზარში დასაქმებულები აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია მათთვის მიუღებელია.