თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი განმარტავს, რა სახის იქნება პეკინის ქუჩა რეაბილიტაციის შემდეგ. კერძოდ, როგორც კუბლაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”დღის თემა” განაცხადა, რეაბილიტაციის შემდეგ პეკინის ქუჩაზე მოეწყობა ველობილიკები, ავტობუსის ახალი გაჩერებები, ახალი ტროტუარები და ა.შ.
”გზის სავალი ნაწილი თითქმის დასრულებულია, 100-მეტრიანი მონაკვეთი დარჩა და დილისთვის დასრულდება ეს სამუშაოები. სრულად ვართ გადართული ტროტუარების კეთებაზე. მარცხენა მხარეს დღეს ეს სამუშაოებიც დასრულდება და უკვე შშმ პირების გადასასვლელის სამუშაოებს დავიწყებთ, რისთვისაც სამი-ოთხი დღე დაგვჭირდება. პარალელურად გაგრძელდება მარჯვენა მხარეს ტროტუარების მოწყობა. თავდაპირველად მოეწყობა ავტობუსის გაჩერებები, დასრულდება ტროტუარის მშენებლობა და შემდეგ დაიგება წითელი ასფალტი, რომელიც იქნება განკუთვნილი ველოსიპედით გადაადგილებისთვის. მოეწყობა ორმხრივი ველობილიკი, ასევე მოეწყობა ავტობუსის ხაზები, რომელსაც დაახლოებით ათი დღის ვადაში დახაზავს ტრანსპორტის საქალაქო სამსახური. ამის შემდეგ სრულად იქნება საშუალება აღდგეს მოძრაობა. ამ გზის რეაბილიტაცია ბოლოს 1953-1955 წლებში მოხდა, დიდი სამუშაოები გასწია GWP-მ. მთლიანად შეიცვალა 400-იანი და 160-იანი წყლის მილები და სანაცია მოხდა 1000-იან მილზე. დაახლოებით 400-მეტრიანი კანალიზაციის გვირაბის რეაბილიტაცია მოხდა, ძირითადი სირთულის სწორედ ეს სამუშაოები იყო. მასთან, ჩვენ მოვაწყობთ თანამედროვე ტიპის, შშმ პირებისთვის გადასასვლელებს, ასევე ავტობუსის გაჩერებებზეც იქნება იგივე მოწყობილი, გაკეთდება ახალი გაჩერებები. ხეების ირგვლივ მოეწყო ახალი ცხაურები და წყლის დამცლელები დამონტაჟდა. გამწვანების სამსახური გააგრძელებს მუშაობას, დაიდგმება ყვავილების ქოთნები და სკამები. შეიძლება ითქვას, მოქალაქეები სრულიად ახალ პეკინის ქუჩას მიიღებენ”, - განაცხადა კუბლაშვილმა.