მიხეილ ჯანელიძემ საზოგადოებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ ექსპერტებს, მეცნიერებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ბიზნესმენებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მისი თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასოცირების შეთანხმების ნაწილია, ხელი უნდა მოეწეროს ივნისში და ამიტომ  მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას, კერძო სექტორს, სამეცნიერო წრეებსა და ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეწოდოს სწორი ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს ეს შეთანხმება, რა ვალდებულებები აქვს აღებული საქართველოს და რა სარგებელს მიიღებს ამ შეთანხმებისგან.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ მიზნით უკვე ამოქმედებულია ვებპორტალი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ამ შეთანხმების, ნაკისრი ვალდებულებებისა და სარგებლის შესახებ, ასევე დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ.