სამუშაოდ საზღვარგარეთ - რომელ პროფესიებზეა მოთხოვნა ევროპაში და არაბულ ქვეყნებში

ინტერნეტსივრცე და თბილისის შენობების ფასადები ასეთი განცხადებებითაა აჭრელებული:

"ვიწვევთ პოლონეთში სამკერვალოებში, სათბურებსა და ხორცკომბინატებში, ასევე მშენებლობებზე მომუშავე პერსონალს, განსაკუთრებით, შემდუღებლებს, კალატოზებს"; ან ”აიხდინეთ ოცნება, გაატარეთ 1 წელი გერმანიაში! 18-დან 25 წლამდე გოგონებს ვთავაზობთ დასაქმებას გერმანულ ოჯახებში, ბინა, კვება და დაზღვევა უფასოა, ანაზღაურება 260 ევროდან".

რამდენად რეალური და სანდოა ამგვარი შემოთავაზება, როგორ დავსაქმდეთ ლეგალურად ევროკავშირის თუ აზიის ქვეყნებში?

ერთ-ერთი დასაქმების სააგენტოს თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ ამჟამად მოთხოვნაა სატვირთო მანქანის მძღოლებზე ლიტვაში, პოლონეთში, დიდი სამუშაო გამოცდილებით, უპირატესობა ინგლისურის, თუნდაც მინიმალურ დონეზე მცოდნეებს ენიჭებათ.

"სამუშაო ვიზები ფორმდება - ევროკავშირის ვიზის ფასი 35 ევროდან იწყება. ცხადია, სააგენტოც იღებს ანაზღაურებას მომსახურებაში, თანხა სხვადასხვაა, ქვეყანას გააჩნია. ლიტვის სატყეო მეურნეობებში სჭირდებათ მუშახელი; იტალიიდან, საბერძნეთიდან, ისრაელიდან ავადმყოფის ან მოხუცის მომვლელებზეა მოთხოვნა, ისრაელში რუსული ენის მცოდნეებს ანიჭებენ უპირატესობას. არის ვაკანსიები დოჰაში, ყატარის დედაქალაქში - უფრო ბარმენი, მიმტანი, კარისკაცი, დამლაგებელი სჭირდებათ სასტუმროებში. იდება სამუშაო კონტრაქტი ინგლისურ ენაზე, სადაც დასაკავებელი პოზიცია და ხელფასი ზუსტად არის მითითებული, ასევე, სხვა პირობები - გამოსასვლელი დღეები, დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება," - განუცხადა ბპნ-ს დასაქმების სააგენტოს თანამშრომელმა.

მისი თქმით, მგზავრობის ხარჯებს ხშირად დამსაქმებელი ფარავს, თუმცა არის შემთხვევები როცა ითხოვენ სამედიცინო შემოწმებას ცე ჰეპატიტზე, შიდსზე და ა.შ.

"ქართველი კაცები და განსაკუთრებით, ქალები არაბულ სამყაროში გაუთვალისწინებელ, უხერხულ სიტუაციაში ხშირად ვარდებიან იმის გამო, რომ იქაურ ცხოვრების წესს, იქ მოქმედ აკრძალვებს ცუდად იცნობენ. კარგი იქნება, თუ სამუშაოდ წასვლამდე ელემენტალურ ინფორმაციას მაინც მივიღებთ ამ ქვეყნებზე," - მიაჩნია დასაქმების სააგენტოს თანამშრომელს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტების ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირის 16 სახელმწიფოსთან აქვს ხელი მოწერილი დეკლარაციაზე ევროკავშირის "პარტნიორობა მობილურობისთვის" ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც არალეგალურ მიგრაციასთან ერთობლივ ბრძოლასა და ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ამ დეკლარაციით რეგულირდება მიგრანტების მოძრაობა, სამუშაო, სასწავლო თუ ტურისტული ვიზების გაცემა. ხელშეკრულება ასევე არეგულირებს არალეგალების საკითხს, რეადმისიას - ანუ, საქართველო ვალდებულებას იღებს ევროკავშირში უკანონოდ შესული თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე, მათი პირობების გაუმჯობესებაში კი ევროკავშირის ქვეყნებიც დაეხმარებიან.

რაც შეეხება მაღალკვალიფიციურ კადრებს, ნატროშვილი ფიქრობს, რომ მათზე ისედაც დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში.

"თვითონ არიან დაინტერესებულნი "ტვინების მიზიდვით". დაბალკვალიფიციური კადრების მოზღვავება კი ევროპას, პირიქით, პრობლემას უქმნის - ჩასულები, მათ შორის ქართველები, გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას თახმდებიან, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას შრომით ბაზარზე კონკურენციას უწევენ. ამიტომ, ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობა მიგრანტების შესვლის შეზღუდვას ითხოვს და მთავრობებიც მიგრანტთა მკაცრ კვოტებს აწესებენ, მით უმეტეს, რომ ჩასულთა დიდი ნაწილი იქ სამუდამოდ დარჩენას ცდილობს. მიგრაციის ტალღის შეჩერება შეუძლებელია - ადამიანი მიდის იქ, სადაც ცოტათი მაინც მეტი ანაზღაურება, ხელფასი ექნება, ამასთან ბრძოლის ერთადერთი გზა კი ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნაა," - მიაჩნია ნატროშვილს.

ცირკულარული მიგრაცის შესახებ შეთანხმებით, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში დროებით ლეგალურად დასაქმების საშუალება ეძლევათ. ეს ქვეყნებია - პოლონეთი, ლიტვა, ესტონეთი, ლატვია, ჩეხეთი და შვედეთი. ოღონდ, ამ ქვეყნებში შესაძლებელია დროებითი ცხოვრებისა და დასაქმების უფლების მოპოვება და არა მუდმივი ბინადრობის.

ნინო კვიტაშვილი