საბურავების დაწვა 400-600 ლარით ჯარიმდება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საბურავების დაწვაზე კონტროლს ამკაცრებს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ტრადიციულად ე.წ. "ჭიაკოკონობა" იმართება, რომლის დროსაც კოცონის დასანთებად ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ. ეს კი, ქალაქებსა და რეგიონებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას იწვევს.

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. როგორც უწყებაში ამბობენ, მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისათვის მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვა.

სწორედ ამიტომ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აღნიშნულ ქმედებაზე მკაცრი კონტროლი დააწესა. ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი ზომები გატარდება.

ჯარიმა 400-600 ლარით განისაზღვრა.