სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვრცელდება ვიდეო-სიმულაცია, რომელიც ბათუმის მდგრადი განვითარების გეგმით გათვალისწინებულ სიახლეებს ასახავს.
კერძოდ, ვიდეოში ნაჩვენებია თუ როგორი შეიძლება იყოს ბათუმში ჭავჭავაძე-აბუსერიძე-აღმაშენებლის დერეფანი გეგმით გათვალისწინებული ველობილიკისა და ავტობუსისათვის ცალკე ხაზის მოწყობის შემდეგ.
„ასე შეიძლება გამოიყურებოდეს ჭავჭავაძე-აბუსერიძე-აღმაშენებლის დერეფანი, თუკი იქ ავტომობილთა სავალი ნაწილის ხარჯზე ველობილიკი და ავტობუსისათვის ცალკე ხაზი მოეწყობა, როგორც ეს ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების გეგმით არის გათვალისწინებული. ვიდეო-სიმულაცია მომზადებული ბათუმის ტრანსპორტის მოდელის საფუძველზე. ყოველივე ამის განხორციელებას კი ჭირდება ავტობუსების მარშრუტების ოპტიმიზაცია, რომელიც უკვე მომზადებულია, პარკირების აკრძალვა ამ ქუჩების სავალი ნაწილის გასწვრივ და მიკრო ავტობუსების მოძრაობის შეზღუდვა ან საერთოდ გაუქმება,“- წერს მოქალაქე ლაშა ნაკაშიძე, რომელიც „ფეისბუქში“ ვიდეო-სიმულაციას ავრცელებს.
ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების გრძელვადიანი გეგმის პრეზენტაცია, რომელზე მუშაობაც, პროექტ ,,მწვანე ქალაქების“ ფარგლებში, გერმანულ საკონსულტაციო კომპანია A+S Consult GmbH-თან თანამშრომლობით 2016 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობდა, მიმდინარე წლის ივნისში გაიმართა.
გეგმა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პარკირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოსისტემა, ელექტრო ტრანსპორტის განვითარების წახალისება, გონიერი ტექნოლოგიები, გადაადგილების მართვა და ა.შ.
ინიციატივის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF).
აღსანიშნავია, რომ ბათუმი საქართველოს პირველი ქალაქია, რომელმაც კომპიუტერულ მოდელირებაზე დაფუძნებული მდგრადი ურბანული გადაადგილების გრძელვადიანი გეგმა შეიმუშავა.