ალექსანდრე ჯეჯელავა - თბილისის რამდენიმე სკოლის მოსწავლეს კვირაში ერთხელ ვაშლი მიუვა სტუმრად

ახალ სასწავლო წელს განათლების სამინისტრო მოსწავლეებს ძალიან ბევრ სიახლეებს სთავაზობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა.

ჯეჯელავას თქმით, მოსწავლეებს უკეთ გადამზადებული დირექტორები, საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები ეყოლებათ. 300 სკოლას კი რემონტი ჩაუტარდა და მოსწავლეებს განახლებული დახვდებათ, რაც მათ მოტივაციაზე იმოქმედებს.

”პირველი და უმთავრესი სიახლე, ის არის, რომ უფრო მეტად მოტივირებული მასწავლებელი ეყოლებათ, უფრო მეტი მასწავლებელი ზრუნავს თავისი კომპეტენციის ამაღლებაზე. წელს გამოცდებზე დარეგისტირებულ მასწავლებელთა რაოდენობა 2-3-ჯერ გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამასთან, 11 000-ზე მეტი, დაბალკონტიგენტიანი სკოლების ბანაკში ნამყოფი ბავშვი დაუბრუნდება სკოლას და ეს მათი მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიახლეები იქნება სკოლის ბუფეტებშიც: მაღალშაქრიანი, მაღალმარილიანი პროდუქტები ბავშვებს აღარ დახვდებათ და ეს ძალიან დიდი ნაბიჯია გადადგმული ამ მიმართულებით. ასევე ყველა სკოლაში მნიშვნელოვნად გაიზრდება სპორტული აქტივობები, მარტო ფიზკულტურის გაკვეთილებს არ ვგულისხმობს. ამ გაკვეთილების გარეშეც ბევრი საინტერესო ინიციატივაა, ერთ-ერთი არის - თბილისის რამდენიმე სკოლის მოსწავლეს კვირაში ერთხელ ვაშლი მიუვა სტუმრად. მოეწყობა კამპანია ჯანსაღი ცხოვრების შესახებ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ ვუბიძგოთ ჩვენს მოსწავლეებს”, - განაცხადა ჯეჯელავამ.