ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკა, ანუ ჩაანაცვლებს თუ არა ”შაჰდენიზი” ”სამხრეთის ნაკადს”

ევროპა ცდილობს ეტაპობრივად გათავისუფლდეს რუსეთის ენერგეტიკული წნეხისგან, რაც ევროპისთვის გაზისა და ნავთობის მიწოდების ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს.

შესაბამისად, აქტუალური გახდა აზერბაიჯანიდან გაზსადენის დაჩქარებული გაყვანა სამხრეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოსა და თურქეთის გავლით. შაჰდენიზის გაზსადენის პროექტი 2012 წელს დაიწყო, თუმცა ამჟამად მისი გაფართოება იგეგმება თურქმენეთის გაზის საბადოების ხარჯზე.

თურქმენეთი თავისი გაზის უდიდეს მარაგს წლების განმავლობაში ევროპაში აგზავნიდა რუსეთის გავლით, თუმცა მისთვის წამგებიანი პირობებით: ქვეყანა გაზს ჯერ რუსულ „გაზპრომზე“ ყიდდა, ხოლო ამ უკანასკნელს ბუნებრივი აირი გასამმაგებული ფასით გაჰქონდა საზღვარგარეთ, როგორც რუსული გაზი.

არაოფიციალური ინფორმაციით, თურქმენეთის მთავრობა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან კასპიის ზღვის ფსკერიდან მოპოვებული გაზის ევროპაში გასატანად. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებებში აქტიურად არის ჩართული ევროპული მხარეც.

სავარაუდოა, რომ ახალი გაზსადენი რუსულ „სამხრეთის ნაკადს“ ჩაანაცვლებს, რომელიც ევროპისთვის უკვე აღარ წარმოადგენს პრიორიტეტს.

თავის დროზე ”სამხრეთის ნაკადი” იმ მიზნით შეიქმნა, რომ სამხრეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის გაზი მიეწოდებინა რუსეთიდან ბულგარეთისა და სერბეთის გავლით, თუმცა უკრაინასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების ფონზე, ევროპის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, როგორც ჩანს, რადიკალურად შეიცვალა.

ამასთან, მიმდინარე მოვლენები უკვე უარყოფითად აისახა „გაზპრომის“ აქციებზე. მედვედევის 2007 წლის წინასწარმეტყველება არ გამართლდა (მისი აზრით, ”გაზპრომის” კაპიტალი ოთხჯერ გაიზრდებოდა და 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევდა). „გაზპრომმა“ მსოფლიოს 5000 უმსხვილეს კომპანიათა შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დააფიქსირა. სამი წლის მანძილზე მისი აქციები საფონდო ბირჟებზე პერმანენტულად ეცემოდა, რაც რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს უნდა მივაწეროთ.

მომზადებულია კომპანია „Admiral Markets“ ანალიტიკური ჯგუფის მიერ

http://www.admiralmarkets.ge/analytics/