ევროს ფასი 1.20-დოლარიან ზღვარს ჩამოსცდა

ევროს ფასი 1.20-დოლარიან ზღვარს ჩამოსცდა მას შემდეგ, რაც ევროპის ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრმა ბენუა კეორმა განაცხადა, რომ ევროს სავალუტო გაცვლითი კურსის ზრდას, ევროზონაში ინფლაციის ზრდის ტემპის შენელება შეუძლია.

მის განცხადებას ევროს კურსის 1.1993 დოლარამდე შემცირება მოჰყვა, თუმცა შემდეგ 1.20-ს ასცდა, ამჟამად კი ამ ზღვარზე ოდნავ დაბლა იმყოფება.

კეორის თქმით, ევროზონის ეკონომიკის ზრდა, ევროს სიმყარეს იწვევს, თუმცა თავის მხრივ, ამას ინფლაციის დონის შემცირების გამოწვევა შეუძლია. ეს კი ისევ ეკონომიკისთვის არის არასასურველი.

პარასკევს ევროს კურსი დოლართან მიმართებაში 1.2092-მდე გაიზარდა, რაც 2015 წლის იანვრის შემდეგ, უმაღლესი მაჩვენებელია. ევროს სიმყარეს ის გარემოება განაპირობებს, რომ ინვესტორები ევროპის ცენტრალური ბანკისგან (ECB), ევროზონის ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის შეკვეცას ელიან.

სტიმულირების პროგრამა, ევროზონიდან ექსპორტის ფასებს ზრდის და იმავე ზონაში იმპორტის ფასებს ამცირებს, რასაც შედეგად ინფლაციის ზრდის შენელება მოსდევს. საერთო ჯამში კი ეს ეკონომიკას აზარალებს. თუმცა, მოკლევადიან პერიოდში, ამ პროგრამას ეკონომიკის სტიმულირება შეუძლია.

ცნობისათვის, სწორდ ამ პროგრამის შეკვეცის მოლოდინის წყალობით, წლის დასაწყისიდან ევრო დოლართან მიმართებაში 14 პროცენტით გამყარდა. ევროს სიმყარე ECB-სთვის სწორედ მაშინ გახდა თავსატკივარი, როცა სტიმულირების პროგრამის შეკვეცის დრო მოახლოვდა. ამიტომ ბანკის პრეზიდენტი მარიო დრაგი, თავის ამასწინანდელ პრესკონფერენციაზე ზედმიწევნით ფრთხილობდა, როცა ამ თემაზე დასმულ კითხვებს პასუხობდა. მის მიერ, პროგრამის შეკვეცის დაწყების რაიმე კონკრეტული თარიღის გამოცხადება, ევროს მკვეთრ ზრდას გამოიწვევდა, რაც არასასურველი იყო.

ევროზონაში ინფლაციის დონე ამჟამად 1.5 პროცენტზე დაბლაა, მიზნობრივი დონე კი 2 პროცენტია. ამიტომ ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ სტიმულირების პროგრამის შეკვეცა მანამ არ ღირს, სანამ ინფლაცია 2-პროცენტიან ზღვარს მიუახლოვდება.

პარალელურად, დოლარისთვის ახალი კვირა უკეთესად დაიწყო, რამაც ის ბოლო ორი წლის მინიმუმს დააშორა. ამის მიზეზი, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული დაძაბულობის კლება და ქარიშხალ ირმას დასუსტებაა. დოლარის ინდექსი, რომელიც ამერიკული ვალუტის ექვს ძირითად ვალუტასთან მიმართებაში არსებულ ჯამურ კურსს ასახავს, 0.26 პროცენტით, 91.55-მდე გაიზარდა. პარასკევს ის 90.99-მდე დაეშვა, რაც 2015 წლის იანვრის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.