ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ირაკლი მექვაბიშვილი პროფესიონალი და მიუკერძოებელი გენერალური აუდიტორი იქნება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ირაკლი მექვაბიშვილი პროფესიონალი და მიუკერძოებელი გენერალური აუდიტორი იქნება.

ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, მექვაბიშვილი მაღალი კვალიფიკაციის ფინანსისტია და მისი გამოცდილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებას გამოადგება.

„ირაკლი მექვაბიშვილი არის მაღალი კვალიფიკაციის ფინანსისტი. იგი ევრობანკის უფროსი ბანკირია და ბოლო ათი წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საინვესტიციო პროექტში, როგორც საქართველოში, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებში. ვფიქრობ, მისი გამოცდილება გამოადგება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებას და ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტისა და აუდიტის სამსახურის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. სახელმწიფო აუდიტი არის პარლამენტის მთავარი ბერკეტი, რომ მოვახდინოთ საბიუჯეტო ხარჯების ეფექტიანი კონტროლი. ამიტომ ჩემთვის, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთვის, რომელიც უშუალოდ უწევს საპარლამენტო ზედამხედველობას აუდიტის სამსახურს, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი და დამოუკიდებელი აუდიტის სამსახური. ჩემი აზრით, ირაკლი მექვაბიშვილი იქნება პროფესიონალი და მიუკერძოებელი გენერალური აუდიტორი“,-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.