რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება თხილის ექსპორტში შემცირება.
ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
თუმცა დავითაშვილის თქმით, თხილის კატასტროფულად ცუდი მოსავლის მიზეზი აზიური ფაროსანა არ არის.
“თხილის კულტურაში ჩვენ პრობლემები სულ სხვა მიზეზების გამო გვაქვს და არა იმის გამო, რომ აზიურმა ფაროსანამ გაანადგურა. მისი წვლილი ზარალში 8-10% შეიძლება იყოს. ჩვენ დღეს გვაქვს კატასტროფულად ცუდი მოსავალი თხილთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა ბევრი სხვა მომენტი, რომელიც ვერ შევასრულეთ ან კლიმატის გამო ახალი პრობლემები გაჩნდა და თხილის მოსავალი ვერ მივიღეთ. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება თხილის ექსპორტში შემცირება. ამაზე პასუხი არის ერთადერთი - ჩვენ უნდა გავატაროთ სწორი აგროტექნოლოგიის ღონისძიება, რომ მაქსიმალურად შევამციროთ კლიმატის ზემოქმედება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.