ჩვენ არ გვაქვს ექსტრა-რესურსი, რომელიც ახლა შეიძლება კომპენსაციებისთვის გამოვიყენოთ.
ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
ძირითადი შეკითხვები და მოთხოვნები, როგორც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატ ედიშერ თოლორაიას მხრიდან „ქართული ოცნებიდან“, ისე ოპოზიციის და კომიტეტზე შეკრებილი ფერმერების მხრიდან, აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემას შეეხებოდა.
„რაც შეეხება იმას, კომპენსაციები იქნება თუ არა და ვიპოვით თუ არა ფულს, ბიუჯეტი შედგენილია, არის გამჭვირვალე და ყველამ ვიცით, რა რესურსი აქვს ქვეყანას. ცალსახაა, რომ ჩვენ არ გვაქვს ის ექსტრა რესურსი, რომელიც ახლა შეიძლება გამოვიყენოთ ამ კუთხით, მაგრამ ჩვენ რა რესურსებიც გვაქვს და რასაც ვიპოვით, უნდა მივმართოთ პრობლემის მოგვარების კუთხით“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მოგვიანებით, მინისტრმა განმარტებები გააკეთა ჟურნალისტებთანაც. მისი თქმით, მოსახლეობას, რა თქმა უნდა, სჭირდება მხარში დგომა, ვინაიდან მარტო ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება.
„შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული სურსათის ეროვნული სააგენტო, ფიტოსანიტარული სამსახურები და ასეც ხდება. მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს ფიტოსანიტარული სამსახურის პოტენციალი წლიდან წლამდე. ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ მატერიალურ დახმარებას - ერთი მხრივ, ტექნიკური საშუალებები შევიძინეთ მავნებელთან ბრძოლისთვის და ქიმიური პრეპარატებით მოსახლეობის დახმარებაც გათვალისწინებულია მთავრობის განკარგულებით“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ზარალის ანაზღაურება პოლიტიკური სპეკულაციის თემაა. თუმცა აღნიშნული პრობლემის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მხრიდან დაყენების საკითხზე მინისტრმა განაცხადა, რომ „ამაზე გუნდი რაღაცნაირად ერთიან პოზიციას ჩამოაყალიბებს“.