სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობისას დაჯარიმებული კომპანიები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან

დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო მნიშვნელობის - ე.წ. მეხუთე კლასის ობიექტების მშენებლობაში მონაწილეობდნენ. საქმე ეხება ჯარიმებს, როცა კომპანია მშენებლობისთვის დადგენილ ფარგლებს გასცდა, ან ჯარიმა მას სანებართვო პირობების დარღვევის გამო დაეკისრა.

"პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" მიხედვით, ეს ჯარიმები ერთჯერადი არ არის - ერთხელ დაჯარიმებული სუბიექტი, თუ დაშვებულ შეცდომას არ გამოასწორებს, სახელმწიფოს შეუძლია ის სამჯერ, სამმაგი ოდენობით დააჯარიმოს.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, დაჯარიმებული კომპანია მიმართავს სახელმწიფოს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აღწერს რა მიზეზით მოხდა პირობების დარღვევა, ან საზღვრებს იქით გასვლა და თუ სამინისტრო მიიჩნევს, რომ მისი მიმართვა მართებული და მისაღებია, მიმართავს მთავრობას. ამასთან, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პირობაა, რომ მას პირველადი ჯარიმა გადახდილი ჰქონდეს. კომპანიის ჯარიმისგან გათავისუფლების უფლებამოსილება მთავრობას აკისრია.

ე.წ. მეხუთე კლასისთვის მიკუთვნებულ მშენებლობებში ითვლება სახელმწიფო მნიშვნელობის გზები, ხიდები და გვირაბები.