სააღდგომოდ ტრანსპორტი მინიმუმ 2-3 ლარით გაძვირდება

ცენტრალურ და კერძო ავტოსადგურების წარმომადგენელთა ინფორმაციით, სააღდგომოდ მგზავრობის საფასური შენარჩუნდება, თუმცა მძღოლები საპირისპიროს ამტკიცებენ.

მძღოლების განცხადებით, რეგიონების მიმართულებით ტარიფებზე ფასი 2-3 ლარით მოიმატებს.

ავტოსადგურების თანამშრომლები ზოგადად არსებულ მდგომარეობაზეც საუბრობენ. ყველა მათგანი აღიარებს, რომ მოქმედი ტარიფები მაღალია, მაგრამ ცვლილებების საშუალება არ აქვთ. მძღოლების თქმით, ბოლო პერიოდში მგზავრთა ნაკადი შემცირებულია. ყველაზე აქტიური მუშაობა კი სადღესასწაულო დღეებში აქვთ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღდგომის დღესასწაული გამოირჩევა.

"სააღდგომო პერიოდთან დაკავშირებით ფასების ზრდა არ იგეგმება. მგზავრებს ისედაც გაძვირებული ტარიფით ვემსახურებით. რეისებს სხვადასხვა მიმართულებით ვასრულებთ, მათ შორის, ყველაზე მეტი მოთხოვნა ქუთაისზეა, სადაც მგაზვრობა 12 ლარი ღირს. ტყიბულის რეისი - 14 ლარია, გორი - 5 ლარი, ავტობუსით მგზავრობის საფასური ამ მიმართულებით 3,5-4 ლარს შეადგენს და ა.შ. მგზავრთა სიმცირეს არ ვუჩივით, განსაკუთრებულ აქტიურობას სააღდგომოდ ველოდებით. რა თქმა უნდა, დატვირთულ რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა", - აცხადებს დიდუბის ავტოსადგურის თანამშრომელი.

თბილისის ცენტრალურ ავტოსადგურში ამბობენ, რომ რეისებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებენ. აქ ტარიფი ჩვეულებრივ დღეებშიც არ არის იაფი და სააღდგომოდ ნებისმიერი სახის ცვლილება მათ აქტიურობას მოადუნებს.

"სატარიფო ცვლილებები არ იგეგმება. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ არის ცნობილი. წინა წელს მგზავრობა თითქმის ყველა მიმართულებით გავაძვირეთ - 1 ლარი დაემატა. მგზავრთა ნაკადის მხრივ იდეალური მდგომარეობა არ გვაქვს, უკეთესი ვითარებაც უნდა იყოს, მაგრამ დიდი ჩავარდნებიც არ არის", - ამბობს ცენტრალური ავტოვაგზალის თანამშრომელი.

ავტოსადგური "გლდანი" ერთ-ერთი გამონაკლისია, სადაც მგზავრობის ყველაზე დაბალი ტარიფი მოქმედებს, თუმცა ავტოსადგურს შეზღუდული რეისები აქვს და საფასო ცვლილებების გატარებას არ აპირებს.

"ჩვენ მგზავრობა არ გაგვიძვირებია. ისედაც მაღალი ფასია და რა უნდა შეგვეცვალა? მით უმეტეს, რომ შეზღუდული რეისები გვაქვს, ყველგან არ დავდივართ. ძირითადად, იმერეთზე ვმუშაობთ, უფრო საჩხერისა და ჭიათურის მიმართულებით. მგზავრობა 10 ლარი ღირს. მგზავრთა რაოდენობით მაინცდამაინც განებივრებულები არ ვართ. წინა წლებთან შედარებით, პასიურობაა", - აცხადებენ ავტოსადურ "გლდანში".

"ჩვენი ავტოსადგურიდან რეისები მთელი საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა მიმართულებით სრულდება. მგზავრები სულ გვყავს, თუმცა სადღესასწაულო დღეებში მათი რაოდენობა ყოველთვის იზრდება და ამ მხრივ აღდგომის პერიოდი გამორჩეულია. სრული დატვირთვით მოგვიწევს მუშაობა. მგზავრობის ტარიფის ზრდას არ ვგეგმავთ, ისედაც მაღალი ფასებია", - აცხადებენ ავტოსადგურ "ოკრიბაში".

როგორც გაირკვა, მგზავრობის ფასმა დედაქალაქის ახლოს მდებარე დაბებსა და ქალაქებზე უკვე მოიმატა. ნავთლუღიდან კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლების თქმით, ბილეთი სულ რაღაც 50 თეთრით გაძვირდა. როგორც ნავთლუღის ავტოსადგურში ამბობენ, ამას მგზავრთა რაოდენობაზე გავლენა არ მოუხდენია.

ავტოსადგურების ადმინისტრაციული სამსახურების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები უკმაყოფილებას არ მალავენ და ამბობენ, რომ სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობისას (განსაკუთრებით შორ რეისებზე) მათი ტრანსპორტი ხშირად ცარიელია. ხალხი ალტერნატიული ტრანსპორტით, მაგალითად, მატარებლით მგზავრობას არჩევს.

"ის დრო, რომ მგზავრებით სავსე იყო ავტობუსი, წარსულს ჩაბარდა. ზუგდიდის მიმართულებით ვმოძრაობ. დღეს მგზავრისთვის უამრავი არჩევანია, შეიძლება ითქვას, ისინი გაგვექცნენ. აღდგომის პერიოდი კარგია იმით, რომ დანაკარგის ანაზღაურებაში გვეხმარება და მასზე დიდ იმედს ვამყარებთ.

მგზავრობა წინა კვირიდან მოყოლებული 1 ლარით გავაძვირეთ. 2-3 დღეში მგზავრთა განსაკუთრებულ გააქტიურებას ველოდებით და შესაძლოა, ამდენივეთი კიდევ გავაძვიროთ", - ამბობს მძღოლი რაულ კილასონია.

მარი ჩიტაია