„რეზონანსი"  - 23 წლამდე პირებზე არც ერთი სესხი არ უნდა გაიცემოდეს

სესხებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვი ქვეყანაში ყოველდღიურად მატულობს.

უმეტესობა იმდენად არის კრედიტომანიით დაავადებული, რომ მისი "განკურნება" ვერ ხერხდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საბანკო სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში არცერთი ტიპის სესხზე შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს, თუმცა აუცილებელია, განისაზღვროს მსესხებლის ასაკი.

დაახლოებით 1 წლის წინათ სამომხმარებლო სესხების შეზღუდვაზე საქართველოში აქტიურად საუბრობდნენ, თუმცა, ისევე როგორც ბევრი სხვა ინიციატივა, ესეც დავიწყებას მიეცა. დღეს ფინანსისტები ამბობენ, რომ რეგულაციის დაწესება გამართლებული არ არის. ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელ გიორგი კეპულაძის აზრით, საქართველოს საბაზრო ეკონომიკა თავისუფალია და მსგავსი შეზღუდვა არ შეიძლება. თავად მომხმარებლის გადასაწყვეტია, რა ტიპის სესხს აიღებს და რა მიზნით გამოიყენებს მას.

"თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში რამდენი სესხი გაიცემა, ამას განაპირობებს მოთხოვნა-მიწოდება. თუკი მოსახლეობაში არის მოთხოვნა, რომ აიღონ სამომხმარებლო სესხი, არ არის საჭირო, მასზე რეგულაცია დავაწესოთ. მიუხედავად იმისა, რომ სესხს კონკრეტული მიზნობრიობა არ გააჩნია, ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ეს ფული იხარჯება არამიზნობრივად და ეკონომიკა ამით ვერ სარგებლობს. მე პირადად ასეთი სესხის შეზღუდვის მომხრე არ ვარ, რადგან თუ ადამიანს არ სურს ვალის აღება, ის არ აიღებს და თავისთავად შემცირდება მოთხოვნა.

სამომხმარებლო სესხის აღება განსაკუთრებით მოსწონს ხალხს, რადგან მას დამატებითი დოკუმენტაცია არ სჭირდება. ისიც მართალია, რომ იგი შეიძლება ისეთი საქმისთვის გამოიყენონ, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით არ იქნება გამართლებული, მაგალითად, ვიღაცამ ტანსაცმელი შეიძინოს. ესეც ბოლომდე მომხმარებლის გადასაწყვეტია და ბანკი ამის გამო უარს ვერ ეტყვის ფინანსურ დახმარებაზე.

ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტის ინტერესია, სესხი გასცეს, მათ შორის, სხვადასხვა ტიპისა და მომხმარებლის უფლებაა, თუ რა ტიპის სესხს აიღებს და რა მიზნობრიობისას", - განუცხადა "რეზონანსს" კეპულაძემ.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ირაკლი ბერძენაძე ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობა უკვე არის მონაწილე იმ სასესხო პირამიდისა, რაც არ ჩერდება და მუდმივად მაღლა მიიწევს.

ერთადერთი გამოსავალი რჩება თავად ბანკების მხრიდან, სესხებზე რეგულაციის დაწესების ნაცვლად, მსესხებლის ასაკის განსაზღვრა, რაც არსებულ პრობლემას მეტ-ნაკლებად შეამცირებს.

"თუ ვაშენებთ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, რამე ტიპის შეზღუდვა, უბრალოდ, დამღუპველია. ცალკე საკითხავია, რამდენად ლოგიკურად იღებენ სამომხმარებლო სესხს მომხმარებლები. საქართველოს მოსახლეობა უკვე არის მონაწილე იმ სასესხო პირამიდისა, რომელიც მუდმივად მაღლა მიიწევს. თუ ბანკები არ შეწყვეტენ სესხის გაცემა, წარმოუდგენელია მისი შეჩერება.

ხალხი იღებს სესხს, რათა დაიკმაყოფილოს პირადი სურვილები, ესეც განპირობებულია იმით, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ძალიან დაბალია. ეს არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა იმ განვითარებად ქვეყანაში ხდება, სადაც სოციალური ვითარება გაუარესებულია.

სამომხმარებლო სესხი რომ შევზღუდოთ და მხოლოდ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი კრედიტები გაიცეს, ჩემი აზრით, ეს მოსახლეობაზე უფრო ცუდად აისახება, რადგან დაკარგავენ ქონებას. ვფიქრობ, ბანკისა და საფინანსო ორგანიზაციებისგან უნდა იყოს სწორი მიდგომა, თუ ვისზე უნდა გასცენ სესხი.

არის შემთხვევა, როდესაც არ უმტკიცებენ სესხს ისეთ ადამიანს, რომლის უკანაც არის მცირე ბიზნესი და უმტკიცებენ ისეთს, რომელსაც არ აქვს შემოსავალი. თავად ბანკებმა უნდა განსაზღვრონ ეს საკითხი მკაცრად.

ჩემი აზრით, სამომხმარებლო სესხის გაცემის შეზღუდვა კი არა, მსესხებლის ასაკი უნდა განისაზღვროს მკაცრად და მაგალითად, 23 წლამდე არ უნდა გაიცემოდეს არც ერთ პირზე კრედიტი, როგორი სახით უზრუნველყოფილიც არ უნდა იყოს ის. ეს მდგომარეობას შედარებით გამოასწორებს", - განუცხადა "რეზონანსს" ბერძენაძემ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"