აზიურ ფაროსანსთან ბრძოლაში ვერტმფრენი უკვე ჩაერთო.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა, ვერტმფრენი ამჟამად სამეგრელოში, კერძოდ აბაშის რაიონში, ანჯელის მასივში მუშაობს. მისივე თქმით, ავიაცია ძირითადად დაუსახლებელ პუნქტებში იმუშავებს, ვინაიდან ვერტმფრენის გამოყენება სოფლებსა და დასახლებულ ადგილებში არ შეიძლება.
„ერთი ვერტმფრენი მუშაობს. იმ ადგილებში გამოვიყენებთ ავიაციას, სადაც სამანქანო ტექნიკა ვერ მიდის. სადაც უსაფრთხოების წესები მოგვცემს საშუალებას, იქ მოხდება ვერტმფრენის გამოყენება. ავიაციის გამოყენება დასახლებული პუნქტების თავზე, სოფლებში და მოსახლეობის სიახლოვეს არ შეიძლება, ამიტომ ის ძირითადად ჭალებში იმუშავებს“, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის თქმით, ანჯელის მასივში მუშაობის დასრულების შემდეგ, ვერტმფრენი გურიაში გადასვლას გეგმავს და ისიც იმ ადგილებში იმუშავებს, სადაც არ არის დასახლებული პუნქტი.
„როგორც ცნობილია ფაროსანა მიგრირებს ბუნებაში. ხან თხილშია, ხან სიმინდში და ხან ემზადება გამოსაზამთრებლად. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყველგან შეიწამლოს მასობრივად და სწორედ ამას ემსახურება ეს ღონისძიება. ფაროსანას ახლა სიმინდში ვებრძვით, შემდეგ გადაინაცვლებს გამოსაზამთრებლად ველურ მცენარეებში და იქ განვაგრძობთ ბრძოლას “, - განაცხადა ლიპარტიამ.
მისივე თქმით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაახლოებით 20 ათასი ჰექტარის დამუშავება აქვს გათვლილი, რომელსაც ვერტმფრენი დაამუშავებს. ზურაბ ლიპარტია არ გამორიცხავს, რომ კლიმატურ პირობების შეცვლიდან გამომდინარე, დასამუშავებელი ფართობი გაიზარდოს.