თუშეთის ინტერნეტიზაციის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ბენეფიციარებისთვის ვაუჩერები გაიცა

თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში, სადაც თუშეთის განვითარების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია ISOC-ის მხარდაჭერით ინტერნეტი ამოქმედდა , მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პოტენციურ ბენეფიციარებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარა და 150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები გადასცა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა გადამზადდა და ტექნიკურად აღიჭურვა.

„გვყავს 29 ბენეფიციარი, რომლებმაც მიიღეს 150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები და დაფინანსება, რათა მათ მოახდინონ საკუთარ ბიზნესში ინტერნეტის ჩართულობა. მათ ასევე მიიღეს გარკვეული ცოდნა, რომ შეძლონ დაკავშირება საერთაშორისო ქსელებთან და მიიღონ დამატებითი ტურისტები ადგილობრივ სასტუმროებში“, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

თუშეთში ამ ეტაპისათვის უკვე დამონტაჟებულია 7 ანძა და მონიშნულია სატრანზიტო წერტილები - სოფელ რუისპირის ანძა, რომელთანაც მოყვანილია ოპტიკური ხაზი (კომპანია „ფრინეტი,“ კახეთი) და აბანოს უღელტეხილი, სადაც დამონტაჟებულია უფასო ინტერნეტის დაშვების წერტილი.