"ენერგო-პრო" სოფლებში ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ასრულებს

"ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ინდივიდუალური გამრიცხველიანების კუთხით, კომპანიის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ 1 მილიონ ლარს გადააჭარბა.

როგორც კომპანიაში ამბობენ, 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე "ენერგო-პრო ჯორჯიამ” 37 სოფელი გაამრიცხველიანა. კერძოდ, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველები დამონტაჟდა ბოლნისის რაიონის სოფელ ბალახაურში, გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში, ახალქალაქის რაიონის სოფელ ჩუნჩხაში, სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოში და კიდევ 33 სოფელში.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ავთო დვალიშვილის განცხადებით, ინდივიდუალური გამრიცხველიანება, სახელმწიფოსთან შეთანხმებით, კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტთაგანია. მისივე ინფორმციით, გამრიცხველიანებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რომლებიც ქსელის რეაბილიტაციას მოიცავდა.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, 2014 წლის ბოლომდე გამრიცხველიანდება კიდევ 62 ათასი აბონენტი, ხოლო 2015 წელს გამრიცხველიანება მთელი საქართველოს მასშტაბით დასრულდება.