ციფრული ვალუტა ბიტკოინის ფასი 4 000 დოლარს ჩამოსცდა.
ბიტკოინის ფასის ვარდნა მეტწილად, ჩინეთთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების მოჰყვა, რომლის თანახმად, ჩინეთში კრიპტოვალუტებით ვაჭრობის აკრძალვას აპირებენ.
ინფორმაციის გავრცელების შედეგად, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი, ამერიკულ პლატფორმა „ბიტფაინექსზე“ 3 904.1 დოლარამდე შემცირდა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 5 სექტემბრის შემდეგ, როცა ბიტკოინის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს (თითქმის 5 000 დოლარს) მიაღწია. ამჟამად ბიტკოინის ჯამური კაპიტალიზაცა 65 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთის ხელისუფლება, ქვეყნის ტერიტორიაზე ციფრული ვალუტებით ვაჭრობის აკრძალვას აპირებს, სააგენტო კაისინმა გაავრცელა და ოფიციალურად არავის დაუდასტურებია. თუმცა დაუმოწმებელი ხმებიც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბიტკოინის ფასს 1 000 დოლარით დაეკლო. პარალელურად, კლება ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა ციფრულ ვალუტაზე, რომელთა რიცხვიც, სხვადასხვა ინფორმაციით, 900-ზე მეტია.
კაისინის ინფორმაციისადმი ნდობას აძლიერებს ის ფაქტი, რომ უფრო ადრე, ჩინეთმა ეგრეთ წოდებული ICO-ს წარმოება აკრძალა, რაც დამწყები კომპანიებისთვის, ახალი ციფრული ვალუტების გამოშვებით, ფონდების მოზიდვის საშუალებაა. პარალელურად, ჩინეთი ინტენსიურად სწავლობს ბიტკოინის და სხვა ციფრული ვალუტების შესაძლებლობებს და საკუთარი ციფრული ვალუტის სატესტო პროგრამასაც ამუშავებს.
ციფრული ვალუტების ბაზარს ახლახან კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა „JP მორგან ჩეიზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა, რომელმაც განცხადა, რომ ბიტკოინი თაღლითობაა და ეს საპნის ბუშტი ადრე თუ გვინ, გასკდება.
„ეს ვალუტა ვერ იმუშავებს. ვერ აწარმოებს საქმეს, რომელიც ადამიანის მიერ ცარიელ ადგილას გამოგონილ ვალუტას ეფუძნება“, - განაცხადა დაიმონმა და დასძინა, რომ თუ „JP მორგანის“ რომელიმე ტრეიდერი გაბედავს ციფრული ვალუტით ვაჭრობას, მას უმალ სამსახურიდან დაითხოვენ, რასაც ორი მიზეზი ექნება: „ეს ჩვენს წესებს ეწინააღმდეგება და მეორე, ასეთი ტრეიდერები სულელები არიან. ორივე შემთხვევაში, ჩვენთვის ისინი საფრთხეს წარმოადგენენ“.