საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით წამყვანი საერთაშორისო კომპანიები დაინტერესდნენ

სეულმა დღეს საქართველო-სამხრეთ კორეის ბიზნეს-სემინარს უმასპინძლა.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის სამრეწველო ფედერაცია FKI-ს ორგანიზებით ჩატარდა.

როგორც ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში ამბობენ, ბიზნეს-სემინარს 30-მდე წამყვანი კორეული კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. დამსწრე კომპანიები უმეტესად ისეთი სექტორებიდან იყვნენ წარმოდგენილნი, როგორებიცაა, უძრავი ქონება და ტურიზმი, ენერგეტიკა და მრეწველობა.

ღონისძიებაზე საქართველოში სხვადასხვა სწრაფად მზარდი საინვესტიციო სექტორებისა და საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაციებით ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი პერტაია და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი წარდგნენ.

საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით ისეთი წამყვანი საერთაშორისო კომპანიები დაინტერესდნენ, როგორებიცაა Hyundai E&C KEPCO (Korea Electric Power Corporation) და Daewoo E&C.