სკოლის დაწყებამდე ერთი დღე დარჩა და როგორც წესი, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას მშობლები ცდილობენ შვილებს ახალი ჩანთა, ფეხსაცმელი, თეთრი პერანგი, შარვალი ან ქვედაბოლო შეუძინონ.
სასურველი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მაღაზიებში, ბაზრობებზე, დიდ სავაჭრო ცენტრებში, არჩევანი დიდია, ფასები კი განსხვავებული.
სასკოლო ჩანთების ფასი ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში ხარისხის, ზომისა და ფუნქციების მიხედვით განსხვავებულია და ფასი 25 ლარიდან იწყება და 150 ლარამდეც ადის.
რაც შეეხება სხვა ნივთებს, თეთრი პერანგის ფასი 25-დან 50-ლარამდე მერყეობს. გოგონებისთვის ქვედაბოლო 20-40 ლარამდე, ხოლო შარვალის ფასი - 40 ლარიდან იწყება. ბავშვის ფეხსაცმელი 40-დან 130-ლარამდე მერყობს. თუმცა, ბრენდირებულ მაღაზიებში ფასები ხშირ შემთხვევაში ორმაგია.
საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა არ უწევთ, მათ წიგნების სრული კომპლექტი სასწავლო წლის დაწყებამდე უსასყიდლოდ ურიგდებათ. თუ მშობელს შვილი კერძო სკოლაში მიჰყავს, მაშინ, ამ ყველაფერთან ერთად, თანხა სასკოლო წიგნების შესაძენადაც უნდა გადადოს.
წიგნებისგან განსხვავებით, ბავშვებს სკოლისთვის სასკოლო საკანცელარიო ნივთების ყიდვა უწევთ.
„ბიბლუსში“ რვეულების ფასი 50 თეთრიდან 1.20 ლარამდე მერყეობს. კალმები 16 თეთრიდან 6 ლარამდე ადის, ფერადი ფანქრები 1.89 ლარი ღირს, სახატავი რვეულის ფასი ერთი ლარიდან 5 ლარამდე მერყეობს, პლასტილინის ფასი კი 2-დან 15 ლარამდეა, გუაშის ფასი 4-დან 30 ლარამდეც ადის, რაც შეეხება აკვარელს, ფასი 2 ლარიდან 20 ლარამდეა, ხოლო პენლები - 3.10-დან 15 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება სასკოლო ჩანთებს. მისი ფასი 29 ლარიდან იწყება და 105 ლარამდე ადის.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა რამდენი უჯდებათ დაწყებითი სკოლის მშობელს შვილის სკოლისთვის მომზადება.
როგორც თამუნა პაპუკაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, შვილის სკოლისთვის მომზადება 300 ლარამდე დაუჯდა.
„წელს ჩემი შვილი მეოთხე კლასში მიდის. სკოლისთვის ყველა საჭირო ნივთი უკვე ვიყიდეთ. იმის გამო, რომ ბავშვი მოზარდია, ყველაფრის ყიდვა მიწევს. ამიტომაც ვარჩიე რომ ლილოს ბაზრობაზე წავსულიყავი, რადგან ფასები შედარებით ნაკლებია. ვუყიდე - ქვედაბოლო, თეთრი პერანგი, ფეხსაცმელი, ჩანთა, შარვალი და სასკოლო საკანცელარიო ნივთები. საერთო ჯამში 300 ლარი დამიჯდა. მხოლოდ საკანცელარიო ნივთებში 60 ლარი გადავიხადე”, - განაცხადა მშობელმა.
მაია კურატიშვილს შვილის სკოლისთვის მომზადება 250 ლარი დაუჯდა.
„წელს ქვედაბოლო, თეთრი პერანგი, ფეხსაცმელი და სასკოლო საკანცელარიო ნივთები შევუძინე და ამ ყველაფერში 250 ლარი გადავიხადე. შარშან დიდი ჩანთა ვუყიდე, რომელშიც 80 ლარი გადავიხადე,“ - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მაია კურატიშილმა.
ლიკა ამირაშვილი