მიხეილ ჯანელიძე ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ლი ძინ ჭაოს შეხვდა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიაცხადებენ,

ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის სახელით ვიცე-პრემიერს მიულოცა გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად საქართველოს კანდიდატის არჩევა, რაც როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არა მხოლოდ საქართველოს არამედ ორგანიზაციის გამარჯვებაა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ჩინეთს მხარდაჭერისთვის.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ბედნიერია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულია სწორედ მეგობარ ქვეყანაში - ჩინეთში და მის ულამაზეს ქალაქ ჩენგდუში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთთან წარმატებულ თანამშრომლობას მრავალ სფეროში, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით და აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს როგორც ორმხრივად, ასევე UNWTO-ს ფარგლებში შემდგომ თანამშრომლობას.

მიხეილ ჯანელიძე მიესალმა UNWTO-ს გენერალური ასამბლეისას ჩინეთის ინიციატივით ტურიზმის მსოფლიო ალიანსის დაფუძნებას და აღნიშნა, რომ საქართველო როგორც მთავრობის, ასევე კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით ითანამშრომლებს ალიანსთან და მის საქმიანობაში ჩაერთვება.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები მიმოიხილეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ჩინეთის ინიციატივაში – "გზა და სარტყელი" საქართველოს აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა. როგორც ჩინეთის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ჩინეთი დიდად აფასებს იმ როლს, რაც საქართველოს აბრეშუმის გზის პროექტში აქვს.

„ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების, აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების ბანკში საქართველოს ჩართულობასა და სხვა მრავალ მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებზე, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ორმხრივ ინტერესს - გააღრმაონ და განავითარონ თანამშრომლობა“, – განაცხადეს სამინისტროში.

მათივე თქმით, პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი კავშირების განვითარება. აღინიშნა, რომ საქართველო, თავისი კულტურული და ისტორიული ძეგლებით, ასევე ზამთრის და საზაფხულო კურორტებით, ჩინეთისთვის საინტერესო ტურისტული დანიშნულების ადგილია. აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას დიდად უწყობს ხელს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული პირდაპირი ფრენები. ასევე ხაზი გაესვა ჩინეთის ბიზნეს წრეების მხრიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მზარდ ინტერესს და მათ წარმატებულ საქმიანობას მრავალ სექტორში.

საგარეო უწყების განცხადებით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა ჩინეთის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში მოიწვია. ლი ძინ ჭაომ გამოხატა დაინტერესება ეწვიოს საქართველოს და აღნიშნა, რომ ჩინეთი დიდად აფასებს საქართველოსთან მეგობრობასა და თანამშრომლობას.

ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარესთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახლად არჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო დ სრულუფლებიანი ელჩი, დავით აფციაური.