ქართული კომპანიები ბათუმის პორტის მმართველს შევიწროებაში ადანაშაულებენ

კომპანია "ტრანსსისტემი" ბათუმის პორტის მფლობელი კომპანიის "ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგის" დირექტორს, ტალგატ ბაიტაზიევს შევიწროებაში ადანაშაულებს. როგორც კომპანიის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, კომპანია პორტთან კონტრაქტს წყვეტს და მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას მილიონ დოლარზე მეტი ოდენობით.

მისივე თქმით, ბაიტაზიევის ქმედებების გამო, საგრძნობლად იკლო პორტის თანამშრომლების ხელფასებმა, რომლებიც გამომუშავებაზე არიან და არის საფრთხე, რომ გაიფიცონ.

დიმიტრი გაბუნია, კომპანია "ტრანსსისტემის" ადვოკატი: "2010 წლიდან კომპანია "ტრანსსისტემი" ოპერირებს ბათუმის ნავსადგურში და ახორციელებს ტვირთების გადაზიდვებს საკმაოდ წარმატებულად. რამდენჯერმე გაიზარდა ტვირთბრუნვა, ბიუჯეტში შედიოდა გადასახადები, თუმცა ეს ყველაფერი გრძელდებოდა იქამდე, სანამ "ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგის" უფროსად ტალგატ ბაიტაზიევი დაინიშნა. მან დაიწყო ქართული კომპანიების შეზღუდვა. პირველ რიგში, მან "ტრანსსისტემს" დაარტყა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამზიდავი კომპანია იყო და რომელსაც აწყობილი ჰქონდა გადაზიდვების სისტემა. 2013 წელს კი დააფუძნა ოთხი კომპანია, რომელიც მისი ნათესავების და მასთან დაახლოებული პირების მფლობელობაშია. ბაიტაზიევის მიერ დაარსებულ კომპანიებს ტვირთების გადაზიდვის არანაირი ისტორია და გამოცდილება არ აქვთ. ყველა ტენდერი, რომელიც პორტში ჩატარდა სწორედ ამ კომპანიებმა მოიგეს”.

გელა ლაითაძე, ”ჩვენი კომპანია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ბათუმის პორტის ბაზარზე. თუკი "ტრანსსისტემის" შესვლამდე პორტის მშრალი ტვირთის გადაზიდვის საშუალო მაჩვენებელი ერთ მილიონ ტონამდე იყო, კომპანიის მუშაობის შემდეგ, ის მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც მოწმობს "ტრანსსისტემის" 3 წლის მონაცემები. 2013 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ბაიტაზიევმა ჩვენი შევიწროება დაიწყო, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ პარალელურ რეჟიმში, მან 2013 წელს რამდენიმე ახალი კომპანია შექმნა, მათ შორის ერთ-ერთი "ჯპმს გრუპი" - პირადად ჩვენ კონკურენტად. მიუხედავად რამდენიმეთვიანი გამოცდილებისა, ამ კომპანიამ ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კომპანიას მიეცა ნავსადგურის საბაზისო ტარიფებიდან 20%-იანი ფასდაკლება ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე."

ადვიკატის თქმით, ტალგატ ბაიტაზიევი საეჭვო პირია და თავის ქვეყანაში მრავალი კრიმინალური დაჯგუფებების ორგანიზებაშია გარეული და ამაზე ყაზახური პრესა არაერთხელ წერდა.