ალექსანდრე ჯეჯელავა - აკადემიურ სახელმძღვანელოებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ იკვებებიან ისინი

ვიცე-პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობა გაიზარდა. მისივე თქმით, საჯარო სკოლები ახალ სასწავლო წელს ბევრი მნიშვნელოვანი სიახლით შეხვდა.

„პირველ რიგში, ეს არის ძალიან მასშტაბური ინფრასტრუქტურული ცვლილებები, თითქმის 300-ზე მეტი სკოლა მოსწავლეებს გალამაზებული, მოწესრიგებული და დასუფთავებული დახვდება. მნიშვნელოვანი სიახლეა ექვსი სრულიად ახალი სკოლა. ჩვენს ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში სკოლები არ აშენებულა, ბოლო პერიოდში ეს პროცესი დაიწყო. გასამმაგდა იმ პედაგოგების რაოდენობა, რომლებიც პროფესიული განვითარების პროცესში ჩაერთვნენ, რაც ნიშნავს, რომ მოსწავლეებს უფრო მოტივირებული და უკეთ მომზადებული პედაგოგები დახვდებათ“, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა.

მისივე თქმით, გადამზადდნენ დირექტორები და ასევე მანდატურები. გარდა ამისა, ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ 11 ათასმა ბავშვმა ბანაკებში დაისვენა და ისინი უფრო მოტივირებული დაუბრუნდებიან სკოლას.

მინისტრმა ყურადღება მოსწავლეთა კვების საკითხზეც გაამახვილა.

„მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს დახვდებათ გაუმჯობესებული ბუფეტი, სადაც არ იქნება შაქრიანი და მარილიანი პროდუქტები. აკადემიურ სახელმძღვანელოებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რას მიირთმევენ ბავშვები და როგორ იკვებებიან ისინი“, - აღნიშნა ჯეჯელავამ.

ამ კონტექსტში მან საჯარო სკოლებში ვაშლების დარიგების პროგრამის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, თუმცა, დღეს დეტალებზე არ უსაუბრია.

ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ჯეჯელავამ თბილისის 143-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა.