საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მატულობს, ხოლო საქართველოში ბენზინი და დიზელი ძვირდება.
ერთი ბარელი 55 დოლარს გადასცდა. ტენდენცია ჯერჯერობით შეუქცევადია. ადგილობრივ ბაზარზე საწვავი 15 თეთრით უკვე გაძვირდა და როგორც ჩანს, პროცესი კიდევ გაგრძელდება.
ავტოგასამართი სადგურების მფლობელთა თქმით, გაძვირებას ხელი შეუწყო როგორც საერთაშორისო ბაზარზე არსებულმა მოვლენებმა, ასევე ლარის კურსის გაუფასურებამ.
ანალიტიკოსების აზრით კი, საერთაშორისო ბაზარზე მომხდარი უარყოფითი ცვლილებები დაუყოვნებლივ აისახება ქართულ ბაზარზე, თუმცა როდესაც საქმე გაიაფებას ეხება, ეს საკმაოდ გვიან აღწევს მომხმარებლამდე.
საწვავის გაძვირების ტენდენციას ადასტურებს ავტოგასამართი სადგურების ქსელის - "ფრეგოს"- გენერალური დირექტორი რუსუდან რამაზაშვილი. ფასზე მნიშვნელოვნად იმოქმედა ლარის კურსის მატებამ. როდემდე გაგრძელდება გაძვირება, რამაზაშვილს პასუხის გაცემა უჭირს.
"არ მაქვს პასუხი იმაზე, თუ როდემდე უნდა ველოდოთ ფასის მატებას. ამაზე საერთაშორისო ექსპერტებიც ვერ თანხმდებიან. ზაფხულში გაძვირება, ერთი მხრივ, მოხმარების გაზრდამაც გამოიწვია. როდესაც დიდი მოთხოვნაა, ბუნებრივია, მას თან ახლავს ფასის კორექტირება. რაც შეეხება სამომავლო ვითარებას, სანუგეშო ჯერ არაფერია. დღესაც არის ნედლი ნავთობის გაძვირების მუდმივი ტენდენცია. ფასი იზრდება და თან საკმაოდ სწრაფად.
თუ ასე გაგრძელდა, ჩვენთან ჰპოვებს ასახვას. ჯერ მხოლოდ 10 თეთრითაა მომატებული საწვავის ფასი და დაახლოებით ორი კვირა ამ ნიშნულზე დარჩება. შემდეგ უკვე რეაგირება იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენით მოიმატებს ან დაიკლებს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი. საერთაშორისო ტრენდის გარდა, ფასზე მნიშვნელოვნად იმოქმედა ლარის კურსის მერყეობამ, რამაც ნავთობის ბაზარზე გავლენა, რა თქმა უნდა, მოახდინა", - განუცხადა "რეზონანსს" რამაზაშვილმა.
სამომავლოდ რა იქნება, წინასწარ ანალიზის გაკეთება რთულია, თუმცა ცვლილებები ფასის ზრდის ან კლების მხრივ განხორციელდება იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართება მოვლენები საერთაშორისო ბაზარზე", - განუცხადა "რეზონანსს" "სენტა პეტროლეუმის" დამფუძნებელმა და დირექტორმა ზაალ იაკობიძემ. ამჟამად საბითუმო ბაზარზე ფასი მაღლა მიიწევს.
"მატება საერთაშორისო ბაზარზე ბოლო დროს მუდმივად ხდება. ეს თავისთავად აისახება საქართველოზეც. აღსანიშნავია ლარის გაცვლითი კურსის გაუარესებაც. დაახლოებით 3%-ით გაუფასურდა ბოლო დროს ლარი დოლართან მიმართებით. ეს ფაქტორები მოქმედებენ ფასზე.
სამომავლოდ რა იქნება, წინასწარ ანალიზის გაკეთება რთულია. ამჟამად საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინი 1.77 ლარი ღირს, ხოლო დიზელი - 1.69. რაც შეეხება ნავთობპროდუქტების ფასს "პლატცის" მიხედვით, 1 ტონა დიზელი 518 დოლარი ღირს, ხოლო ბენზინი - 591 დოლარი", - განუცხადა "რეზონანსს" ზაალ იაკობიძემ.
საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, ადგილობრივი ბაზრის რეაქცია გადაჭარბებულად მიაჩნია ახალგაზრად ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოს პაატა ბაირახტარს. მისი თქმით, ასეთი მდგომარეობის დროს კომპანიები დროულად რეაგირებენ, ოღონდ - ყოველთვის თავიანთ სასარგებლოდ. ბაირახტარი პრობლემად მიიჩნევს ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებს შორის ფასთა სხვაობასაც. მათ შორის განსხვავება 1 ლიტრ საწვავზე 35-40 თეთრია.
"მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასმა ნამდვილად აიწია. 55 დოლარი ღირს "ბრენტის" ტიპის ნავთობი, ყველაზე მაღალი ხარისხისა. ქართულმა კომპანიებმა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სიტუაცია ახალი შეცვლილი იყო (მხედველობაში მაქვს საერთაშორისო ბაზრები), სასწრაფოდ ასახეს ეს ყველაფერი ფასში. თუ მათ განცხადებებს დავეყრდნობით, დრო სჭირდებათ, რათა უცხოურ ბირჟებზე დაწყებული გაიაფების ტენდენცია ქართულ ბაზარზე ასახონ, მაგრამ მატების დროს იმპორტიორები ფასს დაუყოვნებლივ ზრდიან.
არის სხვა პრობლემაც: ბრენდირებული და არაბრენდირებული სადგურების ფასს თუ შევადარებთ, 35-40 თეთრია სხვაობა 1 ლიტრ საწვავზე. ეს სრული აბსურდია, რადგან ასეთი მდგომარეობა არ არის ბაზარზე. ბოლო დროს კომპანიებმა 15 თეთრით გააძვირეს საწვავი. მსგავსი ცვლილებები არც საერთაშორისო და არც ქართულ ბაზარზე არ ყოფილა, რომ ამხელა სხვაობა მიეღო მომხმარებელს ბენზინისა და დიზელის ფასში", - განუცხადა "რეზონანსს" ბაირახტარმა.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"