დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები განიხილა.
როგორც საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ ცვლილებები განპირობებულია საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლების გაძლიერებისა და გამკაცრების აუცილებლობით, მათ შორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის, ასევე საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელებისას პროცესის მეტი მოქნილობისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფის საჭიროებით.
მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, შეიქმნას მნიშვნელოვანი მექანიზმები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო ეფექტურად და მოქნილად იმოქმედოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.
კანონი დღეს პირველი მოსმენით განხილვისთვის წარედგინა კომიტეტს. კომიტეტის წევრებმა ინიცირებული ცვლილებების მიმართ შენიშვნები გამოთქვეს, რომელთა გათვალისწინების გარეშე ისინი პლენარულ სხდომაზე მხარს არ დაუჭერენ კანონპროექტს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, კანონპროექტთან მიმართებაში კომიტეტის გადაწყვეტილება, სხდომაზე დაფიქსირებული შენიშვნების გათვალისწინებაზე იქნება დამოკიდებული. შენიშვნა გამოითქვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მინიმალური საწესდებო კაპიტალის საკითხთან დაკავშირებით, რის გარეშეც არაპროფილური საქმიანობის 25%-იანი დაშვება ბაზარს დააზიანებს, რაც მათი აზრით მიუღებელია. დეპუტატები არ იზიარებენ ინიციატივას ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების იმუნიტეტთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ხელშეუხებლობას, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკის აკრძალვას. კომიტეტი არ ეთანხმება ასევე ვალუტის მოვაჭრე სუბიექტებთან მიმართებაში წარმოდგენილ მოტივაციას, რომელიც ეროვნულ ბანკს უფლებამოსილებას აძლევს განსაზღვროს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომხმარებლის ინფორმირებისა და ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმების წესი. შენიშვნა გამოითქვა ფიზიკური პირებისაგან სესხის აღების თემაზეც.
„გვესმის ის გამოცდილება, რაც პირამიდებთან დაკავშირებით იყო, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ ორივე მხრიდან შევხედოთ მოვლენას და გარკვეული ლეგიტიმური უფლებები არ დავარღვიოთ იმ ადამიანების, რომელსაც ამ შეზღუდვით შეიძლება შევუზღუდოთ ისეთი საქმიანობა, რომლის უკანაც არავითარი ცუდი არ იდგეს და პირიქით, ეკონომიკის სტიმულირებაშიც მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
კონსულტაციების შემდეგ კომიტეტმა იმ დათქმით დაუჭირა მხარი წარმოდგენილ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს, თუ ინიციატორები დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე გატანამდე გამოთქმულ შენიშვნებს გაითვალისწინებენ.