სახელმწიფოში თქვენ ვერ ნახავთ მიმართულებას, რომელიც მსოფლიო ბანკის მხრიდან არაა მხარდაჭერილი, არაა ჩადებული ბანკის ინტელექტუალური ცოდნა და გამოცდილება,- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა მსოფლიო ბანკთან მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.
„მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მსგავსად, მეც დარწმუნებული ვარ, შემდეგი 25 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა იმდენად განვითარდება, რომ გადავა მაღალშემოსვლიანი ქვეყნების სიაში, მანამდე, ჩვენ მსოფლიო ბანკთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას შემდგომი 4 წლის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, ბევრ დასახულ მიზანს მივაღწევთ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავ ფორუმზე ასევე, მოხსენება გააკეთა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა. ფორუმის მონაწილეების წინაშე გამოვიდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტემბონი, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.