ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა ამერიკის შეერთებულ შტატებში იგრძნონ, რომ საქართველო ღიაა ბიზნესისთვის , - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა, ჯარედ გუტრიმ განაცხადა, რომელმაც ბოსტონის ბიზნეს-დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ბოსტონის ბიზნეს-დელეგაციასთან შეხვედრა 14 სექტემბერს გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქართულ ბაზარზე უცხოური კომპანიების აქტიური შემოსვლისა და ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული ფუნქციონირების ხელშეწყობის შესაძლებლობები, რაც ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოსტონელ ბიზნესმენებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის ხელშეწყობაში, ასევე, რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობა გააცნო.
მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკურ დიპლომატია ემსახურება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ამოცანებს, რაც ქვეყნის განვითარების შედეგებს ხელმისაწვდომს გახდის მოსახლეობის ყველა ფენისთვის.
ბიზნეს-დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა, ჯარედ გუტრიმ, დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული ვიზიტი და აღნიშნა, რომ დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ოთხ ძირითად სფეროზე იყო ფოკუსირებული, როგორიცაა ენერგეტიკა, ჯანდაცვა, აგრობიზნესი, მრეწველობა, ასევე ლოგისტიკა და ტრანსპორტი. ბიზნეს-დელეგაციის ხელმღვანელმა ხაზი გაუსვა აღნიშნულ ურთიერთდაკავშირებულ სფეროებში უამრავი სხვადასხვა შესაძლებლობის არსებობას.
„ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვიზიტების განხორციელება მართლაც ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანებს შესაბამისი წარმოდგენა შეექმნათ საქართველოში არსებულ შესაძლებლობებზე. ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს იგრძნონ, ვინაიდან იქ ბევრი ადამიანი პოტენციური ინვესტორია და ჩვენ გვსურს ისინი საქართველოში ჩამოვიყვანოთ. ასევე, საქართველო მივიტანოთ მათთან ახლოს და გავაგებინოთ, რომ საქართველო ღიაა ბიზნესისთვის,“ - აღნიშნა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა.
სამინისტროს ინფორმაციით, ბოსტონის ბიზნეს-დელეგაციამ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, სააგენტოებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიმდინარე დღეებში ათამდე ბიზნეს-დელეგაცია ეწვია. სექტემბერის დასასრულს ასევე იგეგმება საქართველოში ისრაელის, სამხრეთ აფრიკის, იტალიის, სერბეთისა, ინდოეთის ბიზნეს დელაგაციების სტუმრობა, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს ადგილზე გაეცნობიან.