ე.წ. ელიავას ბაზრობის განვითარებასთან დაკავშირებით ბაზრობის ადმინისტრაციამ დედაქალაქის მერიას ერთიანი გეგმა უნდა წარუდგინოს , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, ტერიტორიის მოწესრიგება აუცილებელია, ვინაიდან ბაზრობაზე მუშაობა ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს.
„ელიავას ბაზრობის მოწესრიგება არის მნიშვნელოვანი ამოცანა ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის დ ა.შ. იქ საქმიანობა საფრთხის შემცველი არ უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციასთან ჩვენ საუბარი გვქონდა. შევჯერდით იმაზე, რომ მათი მხრიდან განვითარების ერთიანი გეგმა იქნება მომზადებული და წარმოდგენილი, რომლის შემდეგაც გაგრძელდება ამ საკითხებთან დაკავშირებით განხილვა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
კითხვაზე, გადავა თუ არა ე.წ. ელიავას ბაზრობა სხვა ტერიტორიაზე, დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ „ამ ეტაპზე მათ ერთიანი განვითარების გეგმა უნდა წარმოადგინონ“.
როგორც ცნობილია, ელიავას ბაზრობის მეწილეთა ინფორმაციით, თბილისის მერი დავით ნარმანია დაპირდა, რომ ბაზრობა სხვა ტერიტორიაზე აღარ გადავა.