ეკონომისტი მიხეილ დუნდუა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქართველოში ბანკის ვალის მქონე მოქალაქეების სიმრავლეზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„კომერციული ბანკის ვალის მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა. ჩვენთან ყოველი 1 000 კაციდან 710 მოსახლეს (შინამეურნეობა) აქვს ბანკის ვალი (Borrowers at commercial banks: o/w households per 1,000 adults).
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ამ შედეგით საქართველო ყველა დროის მსოფლიო ისტორიული მაქსიმუმების შვიდეულშიც შევიდა. ანუ გასულ წლებში მსოფლიოში მხოლოდ ექვსჯერ დაფიქსირდა უფრო მაღალი შედეგი, ვიდრე საქართველომ 2016 წელს მოახერხა. ეს მოხდა 2016 წელს. 2017 წელი ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ წელს ბანკის ვალის მქონე მოსახლეობის სიჭარბით მსოფლიო რეკორდს და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს ვამყარებთ.
რატომ? • წლის დასაწყისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ბანკების მიერ ფიზიკური პირების დაკრედიტება ეროვნულ ვალუტაში გაიზარდა 1 მილიარდ 223 მლნ ლარით , უცხოურ ვალუტაში კი შემცირდა 84 მლნ დოლარით. ანუ მთლიანობაში, გაიზარდა 1 მილიარდი ლარით; • ადგილობრივი ბიზნესის დაკრედიტება ლარში გაიზარდა მხოლოდ 175 მლნ ლარით და უცხოურ ვალუტაში შემცირდა 37 მლნ დოლარით. ანუ, მთლიანობაში, გაიზარდა მხოლოდ 80 მილიონი ლარით; • სხვაგვარად რომ ვთქვათ, წელს ბიზნესის დაკრედიტება საცალო დაკრედიტებას 12.5-ჯერ (!) ჩამორჩება და ძალიან დაბალია.
2. ამ ფონზე იზრდება კომერციული ბანკების მოგება. 2016 იანვარ-ივლისში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 347 მლნ ლარი იყო, 2017 წლის იანვარ-ივლისში კი 519 მილიონი ლარი გახდა.(ზრდა - 50%)
3. საქართველოში ფიზიკური პირების დავალიანების ზრდა გერმანიის განვითარების ბანკის , ფრანკფურტის ფინანსების სკოლის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიჩნეულია მწვავე პრობლემად.
გამოსავალი: იმისათვის რომ მოქალაქეებმა ბიზნესის დაწყება-განვითარებისათვის უფრო ადვილად მოიპოვონ ხელმისაწვდომი კრედიტი ლარში, ვიდრე აგროვონ ჭარბი ვალი სამომხმარებლო დანიშნულებით, აუცილებელია, გაჩნდეს გრძელვადიანი რესურსი ეროვნულ ვალუტაში. ეს მხოლოდ დაგროვებითი საპენსიო რეფორმით არის შესაძლებელი. სანამ მოხმარებიდან დანაზოგებზე არ გადავალთ, დაზოგვისკენ მიდრეკილება არ გაიზრდება, ასეთი ვითარება იქნება მუდამ.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აპირებს სერიოზული რეფორმის განხორციელებას, რომელიც როგორც ლარზე, ასევე ინვესტიციებზე დადებითად აისახება და ეს არის საპენსიო რეფორმა, რომელიც მალე გამოცხადდება.
ეკონომიკის სამინისტრომ კოლოსალური სამუშაო გასწია და მაღალი საერთაშორისო შეფასება დაიმსახურა. მომავალი წლის მეორე ნახევრიდან საქართველო გადადის დაგროვებით საპენსიო სისტემაზე. დაგროვებითი პენსია უზრუნველყოფს ღირსეულ მაღალანაზღაურებად სიბერეს. ეს ფუნდამენტური ნაწილია საბაზრო ეკონომიკის, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია, ახლა გვაქვს მხოლოდ სოციალური პენსია.
დაგროვებითი პენსია იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქმნის დანაზოგების ძალიან დიდ მოცულობას წლების განმავლობაში. აკუმულირება ხდება ასეულობით მილიონი ლარის, იმისთვის, რომ დაგროვდეს დანაზოგი, შეიქმნას იაფი გრძელვადიანი რესურსი ლარში და გარდაიქმნას ხელმისაწვდომ ბიზნეს-კრედიტად და ინვესტიციად. როცა ეს რეფორმა განხორციელდება, საქართველო გახდება საინვესტიციო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ქვეყანა შიდა ინვესტიციების განხორციელების კუთხით.
სანამ არ გვაქვს დაგროვებითი სისტემა, იქამდე ამ რესურსს ვერ ვიყენებთ. იმისთვის რომ გადაიჭრას პრობლემა, აუცილებელია გაჩნდეს გრძელვადიანი რესურსი ლარში, რომ მოხდეს ინვესტირება ეკონომიკაში და ეს მხოლოდ დაგროვებითი საპენსიო რეფორმით არის შესაძლებელი. სხვა მექანიზმი უბრალოდ არ არსებობს,“- წერს დუნდუა.