ფოთის ინდუსტრიული ზონის 75 %-იანი წილი ჩინურ კომპანიას CEFC-ს გადაეცა

ფოთის ინდუსტრიული ზონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 75%-იანი წილი ჩინურ კონგლომერატს (კომპანიას) CEFC-ს გადაეცა.

აღნიშნულის შესახებ შეთანხმებას ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი სიემენში გამართული ჩინურ-ქართული ბიზნესფორუმის ფარგლებში მოაწერა.

ბიზნესფორუმზე ქართული დელეგაციის წევრებმა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე ისაუბრეს.

ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორუმები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებას ფოთის ინდუსტრიული ზონის 75 %-იანი წილის ჩინური კონგლომერატის CEFC-ისთვის გადაცემის შესახებ.

”შეთანხმება ითვალისწინებს კომპანია CEFC-ის მიერ ფოთის ინდუსტრიული ზონის მართვას, ფოთის ინდუსტრიული ზონის 75 %-ის გასხვისებას, რომელიც დღეს სახელმწიფოს ეკუთვნის. ფოთის ინდუსტრიული ზონა არის ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივი და მისი გაცოცხლება, მისი აქტიური ამუშავება ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ჩვენი აზრით, ასეთი მსხვილი ჩინური კომპანიის გამოჩენა ჩვენს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმატების მომტანი იქნება. ვფიქრობთ, რომ ამ კომპანიას შესწევს უნარი, ძალა და ცოდნა იმისთვის, რომ მსგავსი რთული და მსხვილი პროექტები მართოს. უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ ამ პროექტის განხორციელებაზე“, - განაცხადა გახარიამ.

„საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის მამუკა ბახტაძის თქმით, ”ეს ფაქტი ცალსახად მისასალმებელია, რადგან ის ხელს შეუწყობს საქართველოს მიმართულებაზე დამატებითი ტვირთების მოზიდვას“.

ბიზნესფორუმში მონაწილეობა ორასამდე ქართულ-ჩინურმა კერძო კომპანიამ მიიღო.