ირაკლი ლექვინაძე: ივანიშვილი ძველ აქტივებს ახლით ანაცვლებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აქტივების ყიდვა - გაყიდვის ფაქტს , ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე ჩვეულებრივ მოვლენად აფასებს.

როგორც bpn-თან საუბრისას ლექვინაძემ განმარტა, ივანიშვილის ქმედებებში ის უცნაურს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი საქმიანობის სფერო ინვესტიციებია, ამიტომ ნებისმიერი ხელსაყრელი გარიგება მისთვის საინტერესოა.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ ”ქართუ ბანკისა” და სხვა აქტივების გაყიდვა, არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი ქართულ აქტივებზე მთლიანად უარს ამბობს. ”ეს არ არის უარის თქმა ქართულ აქტივებზე. უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ძველ აქტივებს ახლით ანაცვლებს”, -ამბობს ლექვინაძე.

ეკონომისტის აზრით, ივანიშვილისთვის ორი ერთნაირი ტიპის აქტივი საინტერესო არ იყო. ლექვინაძის განცხადებით, ”ქართუ ბანკის” მთავარი ნიშა ქართულ ბაზარზე საინვესტიციო და კორპორატიული მიმართულება იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ქვეყანაში არსებობს რამდენიმე ფონდი, რომელიც ამ მიმართულებით ამუშავდა,ივანიშვილმა აქტივის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

ის ფაქტი, რომ ”ქართუ ბანკი” მყიდველის მოლოდინშია, გასულ კვირას გახდა ცნობილი. ცოტა ხნის წინ ყოფილმა პრემიერმა სახელმწიფოს ჯიღაურას საცდელი მეურნეობა, წილკნისა და ახალქალაქის სამეურნეო ობიექტები გადასცა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ”პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელებისთვის, ივანიშვილმა ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მას ეკუთვნოდა, თვითღირებულებით „თანაისვეტირების ფონდს“ მიჰყიდა. მანამდე კი ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ცნობილია, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა რუსული აქტივები თითქმის 1 მილიარდ დოლარად გაყიდა, მათ შორის დეველოპერული აქტივებიც.